3 აპრილი, 2026
თელავში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება გრძელდება

ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ბექა ურუშაძე თელავში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსისა და საფეხბურთო ტექნიკური ცენტრის პროექტებს გაეცნენ.
თელავში თანამედროვე მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი მსოფლიო ცურვის ფედერაციის სტანდარტების შესაბამისად აშენდება. პროექტი ითვალისწინებს დახურული აუზის მოწყობას ცურვის, სინქრონული ცურვისა და წყალბურთისთვის.
კომპლექსში განთავსდება 200 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა, საბავშვო აუზი, გასახდელები და საშხაპეები, სავარჯიშო დარბაზები, მწვრთნელთა, სამედიცინო და ფიზიოთერაპიის ოთახები, ასევე საკონფერენციო სივრცე და კომერციული ზონები. შენობაში ფუნქციონირებს სწრაფი კვების ობიექტი და სპორტული მაღაზია, ხოლო ტერიტორიაზე მოეწყობა პარკინგი როგორც მსუბუქი ავტომობილებისთვის, ისე ავტობუსებისთვის.
პროექტის მიზანია კახეთის რეგიონში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და თანამედროვე სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება.
ამასთან, თელავში უკვე დასრულდა საფეხბურთო ტექნიკური ცენტრისა და სტადიონის პროექტირება. ახალი სავარჯიშო მოედანი გათვლილი იქნება 300 მაყურებელზე. ცენტრში მოეწყობა გასახდელები, საშხაპეები, სამედიცინო ოთახები და ტექნიკური სათავსოები როგორც გუნდებისთვის, ისე მსაჯებისთვის. მუნიციპალური განვითარების ფონდი ქვეყნის მასშტაბით 50-ზე მეტი ტექნიკური ცენტრისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონის მშენებლობას გეგმავს.
ყველა ახალი სპორტული ინფრასტრუქტურა სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის.
გაზიარება