6 ნოემბერი, 2026
ფოკაში ტურისტული და ურბანული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია იწყება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკაში, ფარავნის ტბასთან მდებარე წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის მიმდებარედ ტურისტული და ურბანული ინფრასტრუქტურის მოწყობა-რეაბილიტაციის მიზნით ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება გააფორმა.
პროექტი ვიზიტორებისა და მომლოცველებისთვის არსებული ინფრასტრუქტურის განახლებათან ერთად ითვალისწინებს ახალი ობიექტების მოწყობას. სამუშაოების ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება ფარავნის ტბის სანაპიროზე არსებულ ღია სანათლავს, მოეწყობა მისასვლელი გზები და საფეხმავლო ბილიკები, განახლდება მდინარე ფარავნის სათავე ნაგებობა, ხიდი და მიმდებარე ტერიტორია.
პროექტი ასევე მოიცავს მონასტრის ტერიტორიაზე არსებული და ახალი სანიტარული კვანძების მოწყობას, მათ შორის განსკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის ადაპტირებული ინფრასტრუქტურის შექმნას, ავტოსადგომის სივრცის მოწესრიგებას, გარე განათებისა და ელექტრომომარაგების ქსელის რეაბილიტაციას.
გარდა ამისა, ტერიტორიაზე დაგეგმილია მრავალფუნქციური საგანმანათლებლო ცენტრის მშენებლობა, მონასტრის ტერიტორიაზე არსებული ცალკეული შენობებისა და საინჟინრო სისტემების განახლება, ასევე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქცია.
პროექტი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მოთხოვნების სრული დაცვით განხორციელდება და მიზნად ისახავს ფოკის დედათა მონასტრის მიმდებარე სივრცის ტურისტული და ურბანული ინფრასტრუქტურის განვითარებას.
გაზიარება