ვებ გვერდი სატესტო რეჟიმშია

26 ოქტომბერი, 2026

თელავში ზუზუმბოს პარკის პროექტირება იწყება

Image alt text

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქალაქ თელავში ახალი, მრავალფუნქციური სარეკრეაციო სივრცის პროექტირებას იწყებს.

შესაბამისი ხელშეკრულება ფონდმა კონკურსში გამარჯვებულ კომპანიასთან გააფორმა.

პროექტის მიხედვით, დაგეგმილია დაახლოებით 9.9 ჰექტარი ტერიტორიის განვითარება და თანამედროვე სარეკრეაციო სივრცის შექმნა. თელავის სამხრეთ ნაწილში მდებარე სივრცე გამოირჩევა მწვანე საფარით, ბუნებრივად ჩამოყალიბებული რელიეფითა და ეკოლოგიურად სუფთა გარემოთი.

ახალ პარკში გათვალისწინებული იქნება საბავშვო სათამაშო და სპორტული ზონები, კულტურული, საგანმანათლებლო და დასასვენებელი სივრცეები, საფეხმავლო და ველობილიკები, საზოგადოებრივი და კომერციული სივრცეები, ასევე შესაბამისი მომსახურების ინფრასტრუქტურა და ავტოსადგომი.

პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე მოეწყობა ღია სცენა, პავილიონები და ღონისძიებების სივრცეები, გარე განათების, სარწყავი, წყალმომარაგების, სადრენაჟე და უსაფრთხოების სისტემები.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა პარკის ადგილობრივი სახეობის მცენარეებით გამწვანებას, ბიომრავალფეროვნების დაცვასა და ეკოლოგიურად მდგრადი გარემოს შექმნას.