20 ოქტომბერი, 2026
ხაშურში №4 საჯარო სკოლის მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაო მიმდინარეობს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან, გიორგი შონიასთან, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულთან, სიმონ გულედან და ხაშურის მუნიციპალიტეტის მერთან, პაატა ჩადუნელთან ერთად, ხაშურის №4 საჯარო სკოლაში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო და სასკოლო საზოგადოებას შეხვდა.
მინისტრმა სკოლის მასწავლებლებს და მოსწავლეების მშობლებს პროექტის მიმდინარეობისა და შემდგომი ეტაპების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და მათ შეკითხვებს უპასუხა.
ამჟამად, ახალი სკოლის მშენებლობის მოსამზადებელ ეტაპზე, მიმდინარეობს არსებული რკინაბეტონის ფილის დემონტაჟი. პარალელურად ტარდება საექსპერტო კვლევები, ასევე მიმდინარეობს პროექტის კორექტირება და მშენებლობის ნებართვის მისაღებად საჭირო პროცედურები.
მოსამზადებელი სამუშაოს დასრულების შემდეგ დაიწყება ახალი სკოლის მშენებლობა. თანამედროვე სტანდარტების შესამაბისი შენობა 500 მოსწავლეზე იქნება გათვლილი.
ხაშურის №4 საჯარო სკოლის პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს (ESIDA) გაუქმების შემდეგ გადმოეცა.
გაზიარება