19 ოქტომბერი, 2026
ახალციხეში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შონია, სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან, იოსებ ალიბეგაშვილთან და ახალციხის მერთან, ვარლამ წიკლაურთან ერთად, ახალციხეში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრის მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო.
პროექტი ითვალისწინებს ხელოვნურსაფარიანი სტადიონის, 300 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნის, სპორტსმენებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურისა და განათების თანამედროვე სისტემის მოწყობას.
გიორგი შონიამ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ დასრულებული თანამედროვე, მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი და ახალციხის მუნიციპალიტეტის მიერ აშენებული კალათბურთის დარბაზიც დაათვალიერა.
სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება მუნიციპალური განვითარების ფონდის საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ფონდი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს პროექტებს, რომლებიც მიზნად ისახავს თანამედროვე სპორტული სივრცეების შექმნასა და სპორტული შესაძლებლობების გაფართოებას.
გაზიარება