16 ოქტომბერი, 2026
პროგრამის „მწვანე ინფრასტრუქტურა მდგრადი მომავლისთვის” ფარგლებში აბასთუმანში 300-მდე ძირი ხე დაირგო

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის პროგრამის „მწვანე ინფრასტრუქტურა მდგრადი მომავლისთვის” ფარგლებში, აბასთუმანში, 300-მდე ძირი ხე დაირგო. მათ შორისაა იფანი, დეკორატიული ტყემალი და ცხენის წაბლი.
მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან, გიორი შონიასთან და ფონდის წარმომადგენლებთან ერთად, გამწავნების პროცესში მონაწილება მიიღეს აბასთუმნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა.
პროგრამის „მწვანე ინფრასტრუქტურა მდგრადი მომავლისთვის” ფარგლებში ფონდის მიერ შეძენილი 15 500 მერქნიანი, მარადმწვანე და ფოთლოვანი დიდვარჯიანი ნერგი ეტაპობრივად საქართველოს ყველა რეგიონში დაირგვება.
პროგრამის ფარგლებში, რუსთავში და გორის კულტურისა და დასვენების პარკში უკვე დარგულია 4000-მდე ხე-მცენარე.
დარგვითი სამუშაოები ხორციელდება აგროტექნიკური სტანდარტების სრული დაცვით და მოიცავს ახლად რეაბილიტირებული და მშენებარე სკოლებისა და საბავშვო ბაღების ეზოების გამწვანებას, გზაგამყოფი ზოლებისა და სატრანსპორტო კუნძულების ლანდშაფტურ მოწყობას, დეგრადირებული მწვანე ნარგაობების ჩანაცვლებასა და სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ახალი მწვანე სივრცეების შექმნას.
პროგრამის მიზანია საჯარო ურბანული და სარეკრეაციო სივრცეების გაუმჯობესება, ეკოლოგიური ბალანსის გაძლიერება და თანამედროვე, ადამიანზე ორიენტირებული გარემოს შექმნა.
გაზიარება