14 ოქტომბერი, 2026
თბილისის №11 საჯარო სკოლის მშენებლობა გრძელდება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანთან და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორ გიორგი შონიასთან ერთად, თბილისის №11 საჯარო სკოლის სამშენებლო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.
მუნიციპალური განვითარების ფონდი 650 მოსწავლეზე გათვლილ ახალ სკოლას აშენებს, რომელიც თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა.
პროექტის ღირებულება 14.3 მილიონ ლარზე მეტია და საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება.
ინფრასტრუქტურის სამინისტრო საჯარო სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროექტებს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ განსაზღვრული პრიორიტეტული სკოლების ნუსხის შესაბამისად ახორციელებს. განათლების სამინისტრო განსაზღვრავს სკოლების ინფრასტრუქტურულ საჭიროებებსა და პრიორიტეტებს, ხოლო ინფრასტრუქტურის სამინისტრო, მუნიციპალური განვითარების ფონდის მეშვეობით, უზრუნველყოფს შესაბამისი სამშენებლო და სარეაბილიტაციო პროექტების განხორციელებას.
გაზიარება