ვებ გვერდი სატესტო რეჟიმშია

13 ოქტომბერი, 2026

შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის რესტავრაცია-ადაპტაციის პროექტირებისთვის კონკურსი გამოცხადდა

Image alt text

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი თბილისში, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის ისტორიული შენობისა და მეორე კორპუსის რესტავრაცია-ადაპტაციისთვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებაზე კონკურსს აცხადებს.

პროექტის მიზანია ეროვნული კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ისტორიული შენობის არქიტექტურული ღირებულების შენარჩუნება, მისი კონსტრუქციული გამაგრება და თანამედროვე სამუზეუმო სტანდარტებთან ადაპტაცია. ასევე, გათვალისწინებულია მეორე კორპუსის მუზეუმის ერთიან ფუნქციურ სივრცეში ინტეგრირება.

საკონკურსო დოკუმენტაციის შესაბამისად, დაგეგმილია შენობების არსებული მდგომარეობის შესწავლა, შესაბამისი კვლევების ჩატარება და რესტავრაცია-ადაპტაციის დეტალური პროექტის შემუშავება.

საპროექტო დოკუმენტაცია უნდა ითვალისწინებდეს ისტორიული შენობის კონსერვაცია-რესტავრაციას, სამუზეუმო სივრცეების ფუნქციურ განახლებას, თანამედროვე საინჟინრო სისტემების მოწყობას, უსაფრთხოების სტანდარტების დაცვასა და ყველა კატეგორიის ვიზიტორისთვის ხელმისაწვდომი გარემოს შექმნას.

პროექტირების პროცესში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტების დაცვას.