13 ოქტომბერი, 2026
კახეთის რეგიონში 6 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა იწყება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი კახეთის რეგიონში, ახმეტისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტების 6 სოფელში ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობას იწყებს.
პროექტების ფარგლებში, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხალაწანსა და სოფელ მაღრაანში 50-50 ბავშვზე, ხოლო სოფელ ქისტაურში 75 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღები აშენდება.
სიღნაღის მუნიციპალიტეტში კი, სოფელ ბოდბისხევში, ერისიმედსა და ხორნაბუჯში 50-50 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღების მშენებლობაა დაგეგმილი.
ჯამში, ახალი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები 325 ბავშვს მოემსახურება.
ბაღების მშენებლობა საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და საერთო ღირებულება 13.7 მილიონ ლარზე მეტია.
პროექტების პირველ ეტაპზე გათვალისწინებულია საბავშვო ბაღების დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის კორექტირება, რის შემდეგაც დაიწყება სამშენებლო სამუშაოები.
პროექტების მიზანია კახეთის რეგიონის სოფლებში სკოლამდელი აღზრდის ინფრასტრუქტურის განვითარება, სკოლამდელ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და ბავშვებისთვის თანამედროვე, უსაფრთხო და კომფორტული გარემოს შექმნა.
გაზიარება