29 სექტემბერი, 2026
განმუხურისა და ანაკლიის სანაპირო ზოლის განახლების პროექტის საჯარო განხილვა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის ინიციატივით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურისა და ანაკლიის სანაპირო ზოლის განახლების საპროექტო დოკუმენტაციის საჯარო განხილვა გაიმართა.
შეხვედრას ესწრებოდნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
შეხვედრაზე განიხილეს საზღვაო სანაპირო ზოლის განახლების საპროექტო დოკუმენტაციისა და მომზადებული გარემოსდაცვითი და სოციალური ანგარიშების საკითხები.
შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატით ჩატარდა. ადგილობრივმა მოსახლეობამ მათთვის საინტერესო საკითხებზე შესაბამისი განმარტებები მიიღეს.
პროექტი 66.5 ჰექტარზე ოთხსეზონიანი, მრავალფუნქციური სარეკრეაციო სივრცის შექმნას ითვალისწინებს. სანაპირო დაიყოფა ფუნქციურ ზონებად- საბავშვო, საგანმანათლებლო, კულტურული, სპორტული და რეკრეაციული სივრცეები, საფეხმავლო და ველო ბილიკები.
დაგეგმილია არსებული ნაგებობების რეაბილიტაცია, ღია სცენისა და დეკორატიული ტბის მოწყობა, ანაკლიისა და განმუხურის დამაკავშირებელი საფეხმავლო ხიდის განახლება და ტერიტორიის ადგილობრივი მცენარეებით გამწვანება.
პროექტებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს .
გაზიარება