17 სექტემბერი, 2026
მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი კომპანია Gensler-ის წარმომადგენლებს შეხვდა

მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი შონია მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი და ინოვაციური არქიტექტურული კომპანიის Gensler-ის სტუდიის დირექტორს, რობერტ იეკელისს და დიზაინის მენეჯერს, ნადია ვოლჩანსკის კომპანია „ დემარკის” ერთ-ერთ დამფუძნებელთან, ალექსანდრე კაციტაძესთან ერთად შეხვდა.
შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს ქუთაისის მრავალფუნქციური სპორტის სასახლის პროექტირების პროცესი.
1965 წელს დაარსებული ამერიკული კომპანია Gensler საქართველოში პირველ — ქუთაისის სპორტის სასახლის პროექტს ქართულ კომპანია „დემარკთან" ერთად ახორციელებს.
Gensler-ის ფილოსოფია ეფუძნება ადამიანზე ორიენტირებულ მიდგომას, მდგრადობასა და ტექნოლოგიურ ინოვაციებს. კომპანიის პროექტები კი, მათ შორის, Moody Centre Basketball and Events Area (აშშ), YOFC სათავო ოფისი (ჩინეთი), Adobe Founders Tower (აშშ) აღიარებულია თანამედროვე არქიტექტურის სიმბოლოდ.
ქუთაისის სპორტის სასახლის პროექტირება დასკვნით ეტაპზეა. საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებაში ამერიკული კომპანიის აქტიური ჩართულობა უზრუნველყოფს მრავალფუნქციური სპორტული ინფრასტრუქტურის საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით აშენებას.
პროექტი ითვალისწინებს 5 000 მაყურებელზე გათვლილ, თანამედროვე სპორტის სასახლეში მთავარი და სათადარიგო დარბაზების, სატრენაჟორო სივრცის, აუზის, მსაჯებისა და დოპინგ-კონტროლის ოთახების მოწყობას.
გარდა ამისა, ტერიტორიაზე უნდა განთავსდეს საკონფერენციო დარბაზი, პრესის სამუშაო სივრცე, საერთაშორისო დელეგაციების ოთახები, სპორტული მაღაზია და კაფეტერია.
ასევე, მოეწყობა 350 ადგილიანი ავტოსადგომი, რეკრეაციული ზონები, გზები და ბილიკები.
ქუთაისის სპორტის სასახლის შენობა სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის.
პროექტის განხორციელება მნიშვნელოვნად გაზრდის ქალაქის შესაძლებლობას უმასპინძლოს საერთაშორისო დონის სპორტულ, კულტურულ და გასართობ ღონისძიებებს, რაც ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას და ადგილობრივი ეკონომიკის გაძლიერებას.
გაზიარება