16 სექტემბერი, 2026
ყვარლის კულტურის სახლის (თეატრის) რეაბილიტაციის პროექტირებაზე განმეორებითი კონკურსი გამოცხადდა

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალურმა განვითარების ფონდმა ყვარლის კულტურის სახლის (თეატრის) რეაბილიტაციის პროექტირებისთვის განმეორებითი კონკურსი გამოაცხადა
ყვარლის კულტურის სახლის შენობა გასული საუკუნის 60–70-იან წლებშია აშენებული და საბჭოთა პერიოდის საზოგადოებრივი არქიტექტურის ერთ-ერთ ტიპურ ნიმუშს წარმოადგენს. რეაბილიტაციის პროექტის მიზანია შენობის არქიტექტურულ-მხატვრული ღირებულებების შენარჩუნება და მისი სრულყოფილი რეაბილიტაცია, ფუნქციური შესაძლებლობების გაუმჯობესება და თანამედროვე, მრავალფუნქციურ კულტურულ ცენტრად გარდაქმნა.
საპროექტო დავალების ფარგლებში შემუშავდება შენობის რეაბილიტაცია-ადაპტაციის სრული პროექტი და შესაბამისი სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია. გათვალისწინებულია სივრცეების ოპტიმიზაცია, მრავალფუნქციური საკონცერტო დარბაზის, სასწავლო-საგანმანათლებლო სივრცეების, ფოლკლორული, ქორეოგრაფიული და საესტრადო ანსამბლებისთვის განკუთვნილი ოთახების, ასევე საგამოფენო სივრცის მოწყობა.
განახლების შედეგად ყვარლის კულტურის სახლი თანამედროვე ინფრასტრუქტურის მქონე კულტურულ ცენტრად ჩამოყალიბდება, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობასა და სტუმრებს მრავალფეროვანი კულტურული, საგანმანათლებლო და საზოგადოებრივი ღონისძიებების ჩატარების შესაძლებლობას შესთავაზებს.
გაზიარება