15 სექტემბერი, 2026
თიანეთის მუნიციპალიტეტში ორი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის ტენდერი გამოცხადდა

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა თიანეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხევსურთსოფელსა და სოფელ ნაქალაქარში, ორი ახალი, 25 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის პროექტირებისა და მშენებლობისთვის ტენდერი გამოაცხადა.
ტექნიკური დავალების თანახმად, თავდაპირველად მომზადდება საბავშვო ბაღების დეტალური საპროექტო დოკუმენტაცია, რის საფუძველზეც განხორციელდება სამშენებლო სამუშაოები. პროექტირებისას გათვალისწინებული იქნება ადგილობრივი კლიმატური, საინჟინრო-გეოლოგიური, სეისმური და რელიეფური პირობები.
საბავშვო ბაღები დაპროექტდება უსაფრთხოებისა და ენერგოეფექტურობის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად.
პროექტი ითვალისწინებს ეზოს კეთილმოწყობასა და გამწვანებას, ბავშვთა სათამაშო მოედნების, გარე განათებისა და შესაბამისი საინჟინრო სისტემების მოწყობას. სათამაშო მოედნები უსაფრთხო საფარითა და ბავშვების ასაკზე მორგებული აღჭურვილობით მოეწყობა.
პროექტის დასრულების შედეგად, სოფელ ხევსურთსოფელსა და სოფელ ნაქალაქარში ბავშვებისთვის შეიქმნება თანამედროვე, უსაფრთხო და კომფორტული გარემო.
გაზიარება