8 სექტემბერი, 2026
წნორში მრავალფუნქციური ატრაქციონებისა და რეკრეაციული პარკის პროექტირებისთვის კონკურსი გამოცხადდა

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა წნორში, სპორტული დარბაზისა და მშენებარე მულტიფუნქციური ცენტრის მიმდებარედ, თანამედროვე მრავალფუნქციური ატრაქციონებისა და რეკრეაციული პარკის პროექტირებისთვის კონკურსი გამოაცხადა.
პროექტის მიხედვით, წნორის ახალ პარკში უნდა დაიგეგმოს ატრაქციონების ზონები სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებისთვის, საბავშვო სათამაშო სივრცეები და ღია სპორტული მოედნები.
პარკის ტერიტორიაზე ასევე უნდა მოეწყოს რეკრეაციული ზონები -საფეხმავლო და ველობილიკები, ახალი საზოგადოებრივი და კულტურულ-საგანმანათლებლო ობიექტები, მათ შორის ღია სცენა, პავილიონები და საინფორმაციო ცენტრი.
პროექტი ასევე უნდა მოიცავდეს ლანდშაფტურ და წყლის ობიექტებს, უსაფრთხოების, წყალმომარაგებისა და განათების თანამედროვე სისტემებს.
გარდა ამისა, წნორის ახალი პარკის პროექტირების ეტაპზე გათვალისწინებული უნდა იყოს ტერუტირიის ადგილობრივი მცენარეებით გამწვანება და ბიომრავალფეროვნების დაცვა.
პროექტის განხორციელების შედეგად კახეთის რეგიონს შეემატება დასვენების, სოციალიზაციისა და კულტურული ცხოვრებისთვის განკუთვნილი თანამედროვე და მრავალფუნქციური რეკრეაციული სივრცე.
გაზიარება