ვებ გვერდი სატესტო რეჟიმშია

20 აგვისტო, 2026

დაბა ფასანაურში ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოცხადდა

Image alt text

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა დუშეთის მუნიციპალიტეტის დაბა ფასანაურში ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოაცხადა.

პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე მდებარე საავადმყოფოსა და შოთა რუსთაველის ქუჩაზე მდებარე სახელოვნებო-სამუსიკო სკოლის შენობების რეაბილიტაცია.

სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება 300 არაგველის ქუჩას და მოეწყობა ბულვარი. პროექტი ასევე ითვალისწინებს დაბა ფასანაურში საცხოვრებელი სახლების ფასადების რეაბილიტაციას.

პროექტირებისას გათვალისწინებული იქნება სარეაბილიტაციო ობიექტების ფუნქციური დანიშნულება, ისტორიული და კულტურული თავისებურებები, ასევე თანამედროვე არქიტექტურული მიდგომები.

პროექტის ფარგლებში ჩატარდება წინასაპროექტო კვლევები, მომზადდება არქიტექტურული ესკიზები და დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, რის შემდეგაც განხორციელდება სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები.

პროექტის განხორციელების შედეგად განახლდება ფასანაურის მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი და საგანმანათლებლო ობიექტები, მოწესრიგდება საგზაო და საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურა და გაუმჯობესდება დაბის ურბანული გარემო.