20 აგვისტო, 2026
თელავში ზუზუმბოს პარკის პროექტირებაზე კონკურსი გამოცხადდა

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქალაქ თელავში ზუზუმბოს პარკის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებაზე კონკურსი გამოაცხადა.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია დაახლოებით 9.9 ჰექტარი ტერიტორიის განვითარება და თანამედროვე, მრავალფუნქციური სარეკრეაციო სივრცის შექმნა. საპროექტო ტერიტორია თელავის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს და გამოირჩევა მწვანე საფარით, ბუნებრივად ჩამოყალიბებული რელიეფითა და ეკოლოგიურად სუფთა გარემოთი.
პროექტის მიხედვით, პარკში გათვალისწინებული იქნება საბავშვო სათამაშო და სპორტული ზონები, კულტურული და საგანმანათლებლო სივრცეები, დასასვენებელი და გამწვანებული მარშრუტები, საფეხმავლო და ველობილიკები, საზოგადოებრივი და კომერციული სივრცეები, ასევე შესაბამისი მომსახურების ინფრასტრუქტურა და ავტოპარკინგი.
ტერიტორიაზე ასევე უნდა მოეწყოს ღია სცენა, პავილიონები და ღონისძიებების სივრცეები, მცირე არქიტექტურული ფორმები, გარე განათების, სარწყავი, წყალმომარაგების, სადრენაჟე და უსაფრთხოების სისტემები. პროექტირებისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ადგილობრივი სახეობის მცენარეებით გამწვანებას, ბიომრავალფეროვნების დაცვასა და ეკოლოგიურად მდგრადი გარემოს შექმნას.
პროექტირება რამდენიმე ეტაპად განხორციელდება. პირველ ეტაპზე ჩატარდება ტერიტორიის წინასაპროექტო კვლევები, შეფასდება არსებული საინჟინრო კომუნიკაციები და მომზადდება ტერიტორიის განვითარების კონცეფცია. შემდგომ ეტაპზე შემუშავდება დეტალური საპროექტო და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია.
გაზიარება