19 აგვისტო, 2026
ცაგერის კულტურის ცენტრის პროექტირება იწყება

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ცაგერის კულტურის ცენტრის შენობის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის პროექტირებაზე ხელშეკრულება გააფორმა.
ხელშეკრულება კონკურსში გამარჯვებულ არქიტექტურულ ბიუროსთან გაფორმდა.
პროექტის მიზანია ცაგერის კულტურის ცენტრის ისტორიული შენობის შენარჩუნება და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მისი სრული განახლება.
პროექტის მიხედვით, უნდა შეიქმნას მრავალფუნქციური კულტურის ცენტრი, სადაც განთავსდება საკონცერტო დარბაზი, საგამოფენო და საგანმანათლებლო სივრცეები.
სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა მოიცავდეს სივრცეების ოპტიმიზაციას, გათბობა-გაგრილების, ვენტილაციის, განათებისა და უსაფრთხოების თანამედროვე სისტემების მოწყობას, ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვასა და განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის ადაპტირებული გარემოს შექმნას.
პროექტის ფარგლებში ასევე უნდა მოეწყოს მიმდებარე ტერიტორია, რეკრეაციული ზონა და ავტოსადგომი.
1950-იან წლებში აგებული ცაგერის კულტურის ცენტრის განახლება შენობის ისტორიული ღირებულების შენარჩუნებასთან ერთად ხელს შეუწყობს რეგიონში კულტურული ცხოვრების განვითარებას.
გაზიარება