ვებ გვერდი სატესტო რეჟიმშია

18 აგვისტო, 2026

წალენჯიხაში მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტირება იწყება

Image alt text

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქალაქ წალენჯიხაში მრავალფუნქციური კომპლექსის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებაზე ხელშეკრულება გააფორმა.

პროექტი ითვალისწინებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, 250 მაყურებელზე გათვლილი სპორტული კომპლექსისა და კულტურულ-შემეცნებითი ცენტრის პროექტის შემუშავებას. შემუშავებული პროექტი გამოყენებული იქნება როგორც განმეორებადი მოდელი სხვა რეგიონებისთვის.

პროექტის მიხედვით, მრავალფუნქციურ კომპლექსში უნდა განთავსდეს დიდი და საბავშვო საცურაო აუზები, გასახდელები და საშხაპეები, სპეციალიზებული დარბაზები ძიუდოს, ჭიდაობის, კრივის, კარატეს, MMA-ს, მაგიდის ჩოგბურთის, სპორტული ტანვარჯიშისა და ძალოსნობისთვის.

კომპლექსში უნდა მოეწყოს საჭადრაკო სივრცე, სამედიცინო ბლოკი, ადმინისტრაციული და მსაჯების ოთახები, სამზარეულო და სასადილო. პროექტის ფარგლებში განხორციელდება, ასევე, ბუნებრივსაფარიანი სტადიონის რეაბილიტაცია.

გარდა ამისა, კომპლექსში მოეწყობა კულტურულ-შემეცნებითი ცენტრი, სადაც განთავსდება მედიათეკა, უცხო ენების სწავლების, ქორეოგრაფიის, ფოლკლორისა და სახელოვნებო სივრცეები.

შენობაში უნდა განთავსდეს, ასევე, მცირე და მრავალფუნქციური დარბაზები, STEM-კლუბი, რომელიც მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკის მიმართულებით სამუშაო ზონას გააერთიანებს.

პროექტი უნდა მოიცავდეს მრავალფუნქციური კომპლექსის ტერიტორიაზე ავტოსადგომის, საფეხმავლო გზების, წყალმომარაგების, განათებისა და უსაფრთხოების სისტემების მოწყობას.