ვებ გვერდი სატესტო რეჟიმშია

4 აგვისტო, 2026

ამბროლაურში კულტურის სახლისა და ახალი სარეკრეაციო სივრცის პროექტირება მიმდინარეობს

Image alt text

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ახალი სარეკრეაციო სივრცისა და კულტურის სახლის პროექტირების სამუშაოებს ახორციელებს.

პროექტის ფარგლებში, ამბროლაურში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი პარკი მოეწყობა, რომელიც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, საზოგადოებრივი ღონისძიებების ორგანიზებასა და ტურიზმის განვითარებას.

ახალ სარეკრეაციო სივრცეში დაგეგმილია საბავშვო სათამაშო ზონების, სპორტული მოედნების, ველო და საფეხმავლო ბილიკების, დასასვენებელი სივრცეების, ღია სცენებისა და პავილიონების მოწყობა. ტერიტორიაზე ასევე მოეწყობა ავტოსადგომი და გარე განათების, სარწყავი, წყალმომარაგების, წყალარინებისა და უსაფრთხოების თანამედროვე სისტემები. პარკი სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის.

პროექტის მიხედვით, სრულად განახლდება ამბროლაურის კულტურის სახლიც. შენობის რეაბილიტაციისას გათვალისწინებულია მისი ისტორიული და არქიტექტურული იერსახის შენარჩუნება და თანამედროვე სტანდარტებთან ადაპტირება.

რეაბილიტაციის შემდეგ, მრავალფუნქციური კულტურის ცენტრი გააერთიანებს სახალხო თეატრის, ფოლკლორის, ქორეოგრაფიის, მუზეუმისა და საგანმანათლებლო მიმართულებების სივრცეებს. პროექტი ასევე ითვალისწინებს ენერგოეფექტური ტექნოლოგიების გამოყენებასა და შენობის განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის სრულ ადაპტირებას.

მრავალი წლის განმავლობაში, გამორჩეული არქიტექტურით ცნობილი ამბროლაურის კულტურის სახლი ქალაქის კულტურული ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია და არაერთ ღონისძიებას, კონცერტსა და საზოგადოებრივ შეხვედრას უმასპინძლა. მისი განახლება და თანამედროვე ფუნქციებით აღჭურვა ხელს შეუწყობს ამბროლაურში კულტურული ცხოვრების კიდევ უფრო განვითარებას, ხოლო ახალი პარკის შექმნა ქალაქის მცხოვრებლებსა და სტუმრებს დასვენებისა და სხვადასხვა აქტივობისთვის თანამედროვე, კომფორტულ სივრცეს შესთავაზებს.

ამბროლაურში ახალი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება ხელს შეუწყობს ქალაქის ურბანული გარემოს გაუმჯობესებას და თანამედროვე საზოგადოებრივი სივრცეების განვითარებას.