25 ივლისი, 2026
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ბაღების რეაბილიტაცია სრულდება

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში №1 საბავშვო ბაღისა და №1 ბაგა-ბაღის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება.
მიმდინარე სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შონიამ, გურიის სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ღურჯუმელიძესთან და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერთან მინდია ჟღერიასთან ერთად დაათვალიერა.
ორივე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება 100-100 აღსაზრდელზეა გათვლილი. რეკონსტრუქციისა და რეაბილიტაციის ფარგლებში მოეწყო თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, ბავშვების საჭიროებებზე მორგებული საგანმანათლებლო და სათამაშო სივრცეები, ასევე კეთილმოეწყო ეზოს ტერიტორია.
პროექტის ფარგლებში განხორციელდა შენობების კონსტრუქციული გამაგრება, განახლდა არქიტექტურული და საინჟინრო სისტემები, მოეწყო ენერგოეფექტური გათბობისა და ვენტილაციის, ასევე სახანძრო უსაფრთხოების სისტემები.
განახლებული ბაღები სრულად ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებისთვის, რაც მათ უსაფრთხო და თანაბრად ხელმისაწვდომ გარემოში სწავლისა და განვითარების შესაძლებლობას უზრუნველყოფს.
გაზიარება