16 ივლისი, 2026
თბილისში საჯარო სკოლების მშენებლობა და რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი თბილისში საჯარო სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროექტებს აქტიურად ახორციელებს.
სკოლების მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ქვარა ჩართოლანი გაეცნო.
პროექტების ფარგლებში დასასრულს უახლოვდება №4 საჯარო სკოლის მშენებლობა, მიმდინარეობს №11 საჯარო სკოლის ახალი შენობისა და №128 საჯარო სკოლის დამატებითი, 300 მოსწავლეზე გათვლილი სასწავლო კორპუსის მშენებლობა. ასევე, ხორციელდება №162 და №50 საჯარო სკოლების რეაბილიტაცია.
ახალი და განახლებული სკოლები თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა. სასწავლო სივრცეები აღიჭურვება თანამედროვე საკლასო ოთახებით, სპეციალიზებული კაბინეტებით, ლაბორატორიებით, ბიბლიოთეკებით, სპორტული და სააქტო დარბაზებით, ადმინისტრაციული და სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურით.
განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება თბილისის №50 საჯარო სკოლის რეაბილიტაციას, რომელიც ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონეა. აღდგენითი სამუშაოები შენობის ისტორიული იერსახისა და არქიტექტურული ღირებულების შენარჩუნებით მიმდინარეობს.
ინფრასტრუქტურის სამინისტრო ქვეყნის მასშტაბით განაგრძობს საჯარო სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროექტების განხორციელებას. პროგრამის ფარგლებში იქმნება თანამედროვე საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა, რომელიც უზრუნველყოფს მოსწავლეებისა და პედაგოგებისთვის უსაფრთხო, კომფორტული და თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სასწავლო გარემოს.
გაზიარება