3 ივლისი, 2026
ბათუმის ბულვარის რეაბილიტაციის პროექტირებისთვის კონკურსი გამოცხადდა

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ბათუმის ბულვარის რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებლად კონკურსი გამოაცხადა.
პროექტის მიზანია ბათუმის ისტორიული ბულვარის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, განახლება და თანამედროვე მოთხოვნებთან შესაბამისი სარეკრეაციო სივრცის შექმნა. დაგეგმილია ბულვარის სასეირნო ზონის და ველობილიკების, გამწვანებული სივრცისა და საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის სრულად განახლება.
განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭება მდინარე ჭოროხზე ბათუმი–გონიოს დამაკავშირებელი საფეხმავლო ხიდის პროექტირებას, რაც ხელს შეუწყობს არსებული სივრცეების ყველა სეზონზე ფუნქციონირებას და ტურიზმის განვითარებას.
პროექტი უნდა მოიცავდეს ძველი და ახალი ბულვარის, ასევე მდინარე ჭოროხის მიმდებარე სარეკრეაციო სივრცეების ინტეგრირებულ დაგეგმვას, საბავშვო, სპორტული ზონების და ამფითეატრის მოწყობას, არდაგანის ტბისა და „მოცეკვავე შადრევნების“ განახლებას, ახალი საინფორმაციო ცენტრის, საზოგადოებრივი სანიტარული კვანძებისა და ღია საშხაპეების დაგეგმვას, ბათუმი–გონიოს დამაკავშირებელი საფეხმავლო ხიდის პროექტირებას, თანამედროვე განათების, უსაფრთხოების, სარწყავი და საინჟინრო სისტემების ინტეგრაციას, ასევე, ბიომრავალფეროვნების დაცვას და ტერიტორიის ადგილობრივი მცენარეული სახეობებით გამწვანებას.
ბათუმის ბულვარის რეაბილიტაცია, ქალაქის ერთ-ერთი მთავარი საზოგადოებრივი და ტურისტული ცენტრის ისტორიული იდენტობის შენარჩუნებასთან ერთად, მისი თანამედროვე სტანდარტებით განვითარებას ითვალისწინებს, რაც ხელს შეუწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, სოციალიზაციას და ადგილობრივი ეკონომიკის გაძლიერებას.
გაზიარება