11 ივნისი, 2026
ქალაქ ჭიათურის №2 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია იწყება

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი იმერეთის რეგიონში, ქალაქ ჭიათურის N2 საჯარო სკოლის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის პროექტს იწყებს.
პროექტი 750 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციას ითვალისწინებს, საჭიროების შემთხვევაში კი შენობის გამაგრებითი სამუშაოების განხორციელებას. სამუშაოები მოიცავს როგორც სკოლის ტექნიკური მდგომარეობის შესწავლას, ასევე დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებასა და მის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოების განხორციელებას.
სკოლის რეაბილიტაციის პროცესში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა რეგიონისთვის დამახასიათებელი არქიტექტურული და კულტურული თავისებურებების გათვალისწინებას. პროექტის მომზადებისას გამოყენებული იქნება თანამედროვე არქიტექტურული და საინჟინრო მიდგომები.
პროექტის ფარგლებში ასევე გათვალისწინებულია ტერიტორიის კეთილმოწყობა, გარე განათების, საინჟინრო კომუნიკაციების, სადრენაჟო სისტემების, შემოღობვისა და შესაბამისი ფართობის არსებობის შემთხვევაში ღია სპორტული სივრცეების მოწყობა.
სკოლის რეაბილიტაცია საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და ღირებულება 9.6 მილიონ ლარს შეადგენს.
გაზიარება