16 მაისი, 2026
თბილისსა და რეგიონებში რაგბის სტადიონებისა და ტექნიკური ცენტრების მშენებლობა მიმდინარეობს

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი აქტიურად აგრძელებს ქვეყნის მასშტაბით სარაგბო ინფრასტრუქტურის განვითარებას და 2026 წლის ივნისში დაგეგმილი რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადებას.
მიმდინარე სამუშაო პროცესი ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ, მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორმა გიორგი შონიამ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.
პროექტების ფარგლებში, თბილისსა და ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში დაიწყო როგორც არსებული სარაგბო ბაზებისა და სტადიონების რეაბილიტაცია, ისე ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სტადიონების მშენებლობა.
მსოფლიო ჩემპიონატისთვის აქტიურად მიმდინარეობს რაგბის 3 სპორტული კომპლექსის, ჯამში 5 მოედნის რეაბილიტაცია — თბილისში, ავჭალისა და შევარდენის სტადიონებზე, ასევე ქუთაისში „აიას“ კომპლექსში შემავალ სამ სტადიონზე.
პროექტები ითვალისწინებს ადმინისტრაციული შენობების, ტრიბუნების, გასახდელების, სველი წერტილების, ფასადებისა და განათების სისტემების განახლებას, ასევე გარე და დამხმარე ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობას.
ხუთივე სტადიონზე მოეწყობა უმაღლესი ხარისხის ჰიბრიდული საფარი, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება და ინტენსიური დატვირთვის პირობებშიც უზრუნველყოფს მოედნის გამძლეობასა და მაღალი ხარისხის სათამაშო გარემოს.
გარდა ამისა, ფონდს დაგეგმილი აქვს, ჯამში, 18 რაგბის ტექნიკური ცენტრის პროექტირება და მშენებლობა, საიდანაც 12 ლოკაციაზე სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.
პროექტები მოიცავს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მოედნების, 300 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნების, განათების სისტემების, გასახდელების, საშხაპეების, ტექნიკური და სამედიცინო სივრცეების მოწყობას.
პროგრამა საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და ჯამური ინვესტიცია 100 მილიონ ლარზე მეტია.
განახლებული და ახალი ინფრასტრუქტურა უზრუნველყოფს საქართველოში საერთაშორისო დონის სარაგბო ღონისძიებების ჩატარებას უსაფრთხო და კომფორტულ გარემოში, როგორც სპორტსმენებისთვის, ისე გულშემატკივრებისა და მაყურებლებისთვის.
გაზიარება