22 აპრილი, 2026
მცხეთაში თეატრონის მიმდებარედ ახალი პარკის პროექტირება მიმდინარეობს

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი მცხეთაში, თეატრონის მიმდებარედ, მდინარე არაგვის მარჯვენა სანაპიროზე მრავალფუნქციური პარკის პროექტირებას იწყებს.
პარკის დეტალურ პროექტზე უკვე მუშაობს კონკურსში გამარჯვებული კომპანია მომსახურების გაწევისა და საპროექტო სამუშაოების შესრულების ვადად 7 თვეა განსაზღვრული. პარკის მოწყობასთან ერთად, პროექტი თეატრონის რეაბილიტაციასაც მოიცავს.
ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე მუნიციპალური განვითარების ფონდის, ადგილობრივი ხელისუფლებისა და კონტრაქტორი არქიტექტურული კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე გაეცნო პროექტის დეტალებს.
მდინარისპირა ურბანული პარკი გააერთიანებს საბავშვო, სპორტულ, დასასვენებელ და საგანმანათლებლო სივრცეებს, ასევე საფეხმავლო და ველობილიკების ქსელს. ტერიტორიაზე მოეწყობა ავტოსადგომი, მათ შორის ელექტრომობილებისთვის განკუთვნილი სივრცით. პროექტი ასევე ითვალისწინებს გარე განათების, წყალმომარაგების, უსაფრთხოებისა და ვიდეომეთვალყურეობის სისტემების მოწყობას.
გარდა ამისა, დაგეგმილია მდინარე არაგვზე არსებული საფეხმავლო ხიდის რეაბილიტაცია, ასევე ლანდშაფტური და წყლის ელემენტების განვითარება.
პროექტი შეთანხმდება მუნიციპალიტეტთან, საქართველოს კულტურის სამინისტროსთან და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან. პროექტირების პროცესში, საჭიროების შემთხვევაში, გათვალისწინებული იქნება იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტისა და მისი მრჩეველი ორგანიზაციების რეკომენდაციებიც.
გაზიარება