7 აპრილი, 2026
გურჯაანში ახტალის პარკის მოწყობის პროექტირებისთვის კონკურსი გამოცხადდა

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული კონკურსის მიზანია, ბალნეოლოგიური თვისებებით გამორჩეულ პარკში შეიქმნას ბუნებრივ გარემოსთან თავსებადი, თანამედროვე გარემო.
საპროექტო დოკუმენტაცია მოიცავს ახტალის პარკის ტერიტორიის ფუნქციურ ზონირებას და საბავშვო, სპორტული, კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცეების დაგეგმვას, ასევე, ტერიტორიაზე რეკრეაციული არეალების, საფეხმავლო და ველო ბილიკების ქსელის გათვალისწინებას.
პროექტის მიხედვით, პარკში უნდა მოეწყოს საინფორმაციო ცენტრი, კულტურული და საგანმანათლებლო სივრცეები- ღია სცენა, ღონისძიებების მოედანი და მრავალფუნქციური პავილიონები. ასევე, უნდა დაიგეგმოს ლანდშაფტური ობიექტების და შადრევნების მოწყობა.
პროექტირებისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს ეკოლოგიურ მდგრადობას, მცენარეების ადგილობრივი სახეობების გამოყენებას, ნარჩენების სეპარაციასა და ეკო-მასალების გამოყენებას.
გაზიარება