სიახლეები

12 აგვისტო 2015

თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი თბილისი - რუსთავის 17,4 კმ -იანი ავტომაგისტრალის მშენებლობას ახორციელებს. თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის მშენებლობის დასრულების შემდეგ თბილისიდან რუსთავამდე გზა 15 წუთში დაიფარება და გადაადგილება მაქსიმალურად უსაფრთხო და კომფორტული გახდება. პროექტის ღირებულება 96 685 218.40 ლარია. სამშენებლო სამუშაოები დღეს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ დაათვალიერა და მშენებლობაზე დასაქმებულ ადამიანებს გაესაუბრა. თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის პირველი და მესამე მონაკვეთის მშენებლობა 2014 წლის 22 აპრილს დაიწყო. სამუშაოებზე 300-მდე ადამიანია დასაქმებული, მათ შორის, ადგილობრივი მოსახლეობა.
7 აგვისტო 2015

მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით მცხეთა-მთიანეთისა და სამცხე-ჯავახეთში ინფრასრუქტურული პროექტები განხორციელდება

მიმდინარე წლის 7 აგვისტოს, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა, საქართველოში მსოფლიო ბანკის ოფისის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა სოსო მელითაურმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის „რეგიონალური განვითარების მესამე პროექტის“ განხორციელების მიზნით. პროექტს 2015-2019 წლებში საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს. დღესვე საპროექტო ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და საქართველოში მსოფლიო ბანკის ოფისის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა სოსო მელითაურმა.
6 აგვისტო 2015

სოფელ შალაურში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ შალაურში გზის რეაბილიტაციას ახორციელებს. კერძოდ, რეაბილიტირდება შალაურის ღვინის მარანთან მისასვლელი გზის 1 კმ-იანი მონაკვეთი, პროექტი კერძო და საჯარო სექტორის პარტნიორობის ფარგლებში მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ ილია დარჩიაშვილმა დაათვალიერა. პროექტის ღირებულება 250 233 ლარია, გარდა გზის რეაბილიტაციისა, ერთ კილომეტრიან მონაკვეთზე კეთდება ახალი სანიაღვრე ქსელი.
5 აგვისტო 2015

სოფელ ვარდისუბანთან სამშენებლო ნარჩენების საყრელი ტერიტორიის გასუფთავება და აღდგენა ხორციელდება

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ქალაქ თელავის შესასვლელში, სოფელ ვარდისუბანთან არსებული სამშენებლო ნარჩენების საყრელი ტერიტორიის გასუფთავებასა და აღდგენას ახორციელებს. სამუშაოების საერთო ღირებულება - 1 580 210,57 ლარია. არსებული ნაგავსაყრელი ზიანს აყენებდა ადგილობრივ მოსახლეობას და მათ ეკოლოგიურ საფრთხეს უქმნიდა. მიმდებარე ტერიტორია სრულად დაბინძურებული იყო. ნაგავსაყრელის აღდგენა-დასუფთავების შემდეგ, ეკოლოგიური საფრთხე აღმოიფხვრება და მოსახლეობას საფრთხე აღარ დაემუქრება. სამშენებლო სამუშაოებზე 25 ადამიანია დასაქმებული. აღნიშნული სამუშაოები საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ილია დარჩიაშვილმა დაათვალიერეს.
3 აგვისტო 2015

სიღნაღის მოსახლეობას 24-საათიანი წყალმომარაგება ექნება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ქალაქ სიღნაღის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას ახორციელებს. პროექტის ღირებულება 1,342,388 ლარია. პროექტის განხორციელების შედეგად სიღნაღის მოსახლეობა, კერძოდ, 900-ზე მეტი ოჯახი 20- 24-საათიან წყალმომარაგებას მიიღებს. ამჟამად სიღნაღის მოსახლეობის ნახევარზე მეტს, კერძოდ, 600 ოჯახს წყალი დღე-ღამეში მხოლოდ 2 საათის განმავლობაში მიეწოდება, 300 ოჯახს კი, 24 საათიდან მხოლოდ 8 საათი აქვს წყალი. პროექტის განხორციელების შედეგად, გარდა 20-24-საათიანი წყალმომარაგებისა, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება წყლის ხარისხი და შემცირდება წყლის დანაკარგები.
30 ივლისი 2015

მუნიციპალური განვითარების ფონდი ბატონის ციხის რეაბილიტაციას ახორციელებს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი თელავში ბატონის ციხის რეაბილიტაციას ახორციელებს, სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილე ილია დარჩიაშვილმა და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ დაათვალიერეს. ბატონის ციხის რეაბილიტაციის პარალელურად, ფონდმა უკვე გამოაცხადა ტენდერი ბატონის ციხის მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე. რეგიონული განვითარების პროექტი მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 1,573,000 ლარია. პროექტის განხორციელების ძირითადი მიზანი ძეგლისთვის პირვანდელი იერსახის შენარჩუნებაა, ამასთან პროექტი მიზნად ისახავს კახეთის რეგიონში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სამარშრუტო წრედისა და ტურიზმის განვითარებას.
28 ივლისი 2015

თბილისში 23-ე მეტროსადგურის მშენებლობა დაიწყო

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა დღეს მეტროსადგურ „უნივერსიტეტის“ მშენებლობა დაიწყო. სამშენებლო სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ, დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ და აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებმა გახსნეს და მოსახლეობას პროექტის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. პროექტის ფარგლებში გაკეთდება ახალი მეტროსადგური, კერძოდ, ვაჟა-ფშაველას გამზირიდან მეტროსადგურ „უნივერსიტეტამდე“. ასევე, პროექტის განხორციელების შედეგად დელისსა და ვაჟა-ფშაველას მეტროსადგურებს შორის მეორე გვირაბიც ამუშავდება. პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით ახორციელებს და მისი ღირებულება 83,000,670.45 ლარია. მეტროს მშენებლობა სამუშაოების დაწყებიდან 24 თვეში დასრულდება.
27 ივლისი 2015

ინფრასტრუქტურის მინისტრი და მგფ-ის დირექტორი 23-ე მეტროსადგურის მშენებლობას გახსნიან

28 ივლისს, 11:00 საათზე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ჯუანშერ ბურჭულაძე და დედაქალაქის მერი დავით ნარმანია მეტროსადგურ „უნივერსიტეტის“ სამშენებლო სამუშაოებს გახსნიან. 20 წლის განმავლობაში დაკონსერვებული მეტროს მშენებლობა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განაახლა. პროექტის განხორციელების შედეგად გაკეთდება ახალი მეტროსადგური, კერძოდ, ვაჟა-ფშაველას გამზირიდან მეტროსადგურ „უნივერსიტეტამდე“. ასევე, პროექტის ფარგლებში დელისსა და ვაჟა-ფშაველას მეტროსადგურებს შორის მეორე გვირაბიც ამუშავდება. მინისტრი და ფონდის დირექტორი პროექტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან საზოგადოებას.
21 ივლისი 2015

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი დართლოს რეაბილიტაციას ახორციელებს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი სოფელ დართლოში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე სახლების რეაბილიტაციას ახორციელებს. სამუშაოები მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით მიმდინარეობს. მისი ღირებულება 1,344.102.47 ლარია. პროექტის განხორციელების მთავარი მიზანი ძეგლის სტატუსის მქონე საუკუნოვანი სახლებისთვის პირვანდელი იერსახის შენარჩუნებაა, კერძოდ, იმ ციხე-სიმაგრის ტიპის საცხოვრებელი სახლებისთვის, რომლებიც თავისი უნიკალური და გამორჩეული არქიტექტურიდან გამომდინარე, განსაკუთრებული ინტერესის საგანია. ამასთან, პროექტის ფარგლებში კულტურული მემკვიდრეობის ცენტრებთან ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა. მნიშვნელოვანია, რომ რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ კახეთის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა გაუმჯობესდება და სოფელი დართლო დამთვალიერებლებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველი გახდება.
15 ივლისი 2015

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს ჯუანშერ ბურჭულაძე უხელმძღვანელებს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს ჯუანშერ ბურჭულაძე უხელმძღვანელებს. ბურჭულაძე ფონდის აღმასრულებელ დირექტორად საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2015 წლის 14 ივლისის #287 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა. ჯუანშერ ბურჭულაძე საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდში 2015 წლის მაისიდან მუშაობს და აქამდე აღმასრულებელი დირექტორის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა. შესაბამისად, ის სამინისტროსა და მისი საქვეუწყებო ორგანიზაციების პროექტებსა და საქმიანობას კარგად იცნობს.