დავით ტაბიძე სკოლების რეაბილიტაცია/მშენებლობასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს შეხვდა

1 სექტემბერი 2022

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, დავით ტაბიძემ სკოლების რეაბილიტაციისა და მშენებლობის მიმდინარე პროექტებთან დაკავშირებით მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.

დავით ტაბიძემ ჟურნალისტებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამაზე, რომელის 2019 წლიდან მიმდინარეობს.

პროგრამის ფარგლებში, 163 სკოლის რეაბილიტაცია-მშენებლობის პროექტიდან, დღეის მდგომარეობით, დასრულებულია 106 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია, ხოლო მიმდინარე წლის ბოლომდე დაგეგმილია დამატებით 39 სკოლის რეაბილიტაცია-მშენებლობის დასრულება. დარჩენილი მიმდინარე პროექტებიდან, 11 პროექტის დასრულება ხელშეკრულებით, იმთავითვე 2023 წელს არის გათვალისწინებული.

ფონდის დირექტორმა ისაუბრა იმ პროექტებზეც, სადაც არსებობს გამოწვევები და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია საზოგადოებას მედიის მხრიდან მიეწოდოს პროექტის განმახორციელებელ უწყებასთან გადამოწმებული ინფორმაცია.  მისი თქმით, მოცემულ ეტაპზე კონტრაქტორის მიერ გაჭიანურებული სამუშაოების გამო, უკვე შეწყვეტილია გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნორიოს და სოფელ ჯანდარას სკოლების რეაბილიტაციის ხელშეკრულება, სადაც სამუშაოების დასასრულებლად შეირჩევა ახალი კომპანია. გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვების, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფლების - ბუკისციხის, ზომლეთის და სამების სკოლებში ვაგრძელებთ მიმდინარე სამუშაო პროცესის მონიტორინგს და არასაკმარისი პროგრესის შემთხვევაში, მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილებები. რაც შეეხება ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გორდის სკოლას, დამატებითი გამაგრებითი სამუშაოების გამო პროექტში აუცილებელი ცვლილების ასახვის შემდეგ, გაგრძელდება ინტენსიური სარეაბილიტაციო სამუშაოები.