მაღალმთიან რეგიონებში სკოლების რეაბილიტაცია იწყება

 საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი საქართველოს მთიან რეგიონებში საჯარო სკოლების რეაბილიტაციასა და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებას, "სკანდინავიური გარემოს საფინანსო კორპორაციის" ფინანსურ მხარდაჭერით იწყებს.

საგრანტო და სასესხო ხელშეკრულებებს დღეს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით ტაბიძემ, სკანდინავიური გარემოს საფინანსო კორპორაციის (NEFCO) მმართველმა დირექტორმა, ტრონდ მომ და ინვესტიციების დირექტორმა, ბო ესკე ნიჰუსმა.

მხარეთა შორის გაფორმებული შეთანხმება ითვალისწინებს საქართველოსთვის 6.5 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსური რესურსის გამოყოფას, საიდანაც 3.9 მილიონი ევრო სესხის, ხოლო 2.6 მილიონი ევრო გრანტია.

პროგრამის საშუალებით, საქართველოს მთიან რეგიონებში სრულად რეაბილიტირდება და მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება შენობების ენერგოეფექტურობის კომპონენტი, რაც ხელს შეუწყობს სწავლებისთვის შესაბამისი გარემოს შექმნას.

პროექტები 2023-2025 წლებში განხორციელდება თიანეთის, გორის, წალკის, ასპინძის, ახალციხის, ამბროლაურისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებში.