გურჯაანის განახლებული ცენტრალური პარკი გაიხსნა

16 აპრილი 2022

 საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გურჯაანში ცენტრალური სკვერისა და დასასვენებელი პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა.

პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის 3.8 მილიონი ლარის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. გურჯაანის პარკის რეაბილიტაცია მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განახლებული პარკი დაათვალიერა. მთავრობის მეთაურთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით ტაბიძე.

გურჯაანის ცენტრალური დასასვენებელი პარკის საერთო ფართობი 9 ჰექტარია. პარკი დაიყო სხვადასხვა ტიპის სპორტული და კულტურული დანიშნულების სივრცეებად. პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ძველ ბაზალტის კიბეებს, 2700 კვადრატულ მეტრზე დაიგო წითელი ასფალტის საფეხმავლო გზა, პარკში განახლდა მწვანე საფარი, მოეწყო საფეხმავლო ბილიკები და ბორდიურები, დამონტაჟდა განათების ბოძები, განთავსდა სკამები და სანაგვე ურნები, განახლდა სასმელი და სარწყავი წყლის სიტემა, პარკის შესასვლელში აშენდა ვიზიტორთა ცენტრი და 400 მაყურებელზე გათვლილი სტადიონი, რეაბილიტაცია ჩაუტარდა არსებულ ამფითეატრსა და  კინოთეატრს,  პარკის ტერიტორიაზე მოეწყო დასასვენებელი ზონები და ბავშვთა ატრაქციონები.

პროექტის დასრულების შემდეგ, გურჯაანის ისტორიული პარკი, რომელიც   ცნობილი იყო როგორც სხვადასხვა ღონისძიებების მოწყობის ადგილი, დაიბრუნებს ისტორიულ ფუნქციას და კულტურული თუ სპორტული ღონისძიებების ჩატარების აქტიური სივრცე გახდება. მისი აღდგენა გურჯაანის მოსახლეობას შეუქმნის აქტიური დასვენებისთვის შესაბამის პირობებს და დაუბრუნებს მას ტურისტულად საინტერესო ცენტრის ფუნქციას.

გურჯაანის პარკის ტერიტორიაზე მიმდინარეობს ჯონ მალხაზ შალიკაშვილის სახელობის ქართული მხედრული ისტორიის მუზეუმის რეაბილიტაცია. სარეაბილიტაციო სამუშაოები ევროკავშირის „საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამით“ ფინანსდება და მისი ღირებულება  465 000 ლარს აჭარბებს. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება წლის ბოლოს იგეგმება. პროექტის მიზანია, რეგიონის ისტორიული ადგილების აღდგენა-შენარჩუნებით და ამ მისი უნიკალური პოტენციალის გამოყენებით, ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა.