ახალციხეში მრავალფუნქციური სპორტკომპლექსი შენდება

25 ნოემბერი 2021

ქალაქ ახალციხეში მრავალფუნქციური სპორტ-კომპლექსი შენდება.

პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით ახორციელებს და მისი ღირებულება 11 მილიონ ლარზე მეტია.

სამუშაოების ადგილზე გასაცნობად ახალციხეში მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით ტაბიძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა.

სპორტულ კომპლექსში განთავსდება დიდი და მცირე საცურაო აუზები, ტრენაჟორების, ძალოსნობის, კრივის და ჭიდაობის დარბაზები. თითოეულ დარბაზსა და აუზს ექნება საკუთარი გასახდელები და საშხაპეები. ასევე, პროექტით გათვალისწინებულია ღია კაფესა და მცირე მაღაზიის მშენებლობა. სპორტკომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა პარკინგი. სპორტული კომპლექსი სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

მშენებლობის დასრულების შემდეგ, ქალაქ ახალციხეს მოსახლეობას ექნება კეთილმოწყობილი გარემო სპორტული აქტივობისა და სპორტის მრავალ სახეობაში როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე ტურნირების ჩასატარებლად. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული კომპლექსის არსებობა ქალაქის ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას შეუწყობს ხელს.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მიმდინარე წელს ქვეყნის კიდევ 3 დიდ ქალაქში - ქუთაისში, ზუგდიდსა და რუსთავში - დაიწყო თანამედროვე ოლიმპიური აუზისა და სპორტული კომპლექსების მშენებლობა.