მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორის პირველ მოადგილედ გიორგი ციბაძე დაინიშნა

3 ნოემბერი 2021

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველ მოადგილედ გიორგი ციბაძე დაინიშნა.

გიორგი ციბაძე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას 2019 წლის მარტიდან მიმდინარე წლის ნოემბრამდე იკავებდა. შესაბამისად,  აქვს სამინისტროსა და მისი საქვეუწყებო დაწესებულებების საქმიანობის ცოდნა და სხვადასხვა მასშტაბის ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის გამოცდილება.

გიორგი ციბაძეს სხვადასხვა დროს ეკავა საპასუხისმგებლო თანამდებობები საჯარო სექტორში. კერძოდ, 2018 -2019 წლებში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში მუშაობდა ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილის პოზიციაზე, ხოლო 2012-2018 წლებში - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში სხვადასხვა მენეჯერულ პოზიციებზე.

საჯარო სექტორში მუშაობის დაწყებამდე, გიორგი ციბაძეს კერძო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილებაც აქვს. იგი 2003 წლიდან იკავებდა ხელმძღვანელობით თანამდებობებს  როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებში.

გიორგი ციბაძემ 2002 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი საფინანსო გამოყენებითი მათემატიკის სპეციალობით, ხოლო 2004 წელს - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი საფინანსო გამოყენებითი მათემატიკის სპეციალობით.