ოყურეშის გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს

12 სექტემბერი 2020

 რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ოყურეშის მისასვლელი და შიდა საუბნო გზის რეაბილიტაციას ახორციელებს. აღნიშნულ საავტომობილო გზაზე დაიგება ბეტონის საფარი და მოეწყობა ბეტონის კიუვეტები. გათვალისწინებულია გაბიონების და დამჭერი კედლის სამუშაოები.

მიმდინარე სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შენგელია ადგილზე გაეცნო.

აღნიშნულ 5 კმ-იან გზაზე, გზის დაზიანების შედეგად, გადაადგილება ჭირდა და მოსახლეობისთვის გადაუჭრელ პრობლემას წარმოადგენდა. პროექტის შედეგად, სრულად მოწესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა და ადგილობრივები კომფორტულად შეძლებენ გადაადგილებას.

სამუშაოები ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 4 მილიონ ლარზე მეტია.