კერძო და საჯარო სექტორს შორის შეხვედრა გაიმართა

2 დეკემბერი 2013

დღეს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია საქართველოს ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას სამინისტროს საქვეუწყებო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, მათ შორის საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე თორნიკე თორაძე. შეხვედრის მიზანს ბიზნესმენებისთვის სამინისტროსა და მისი საქვეუწყებო ორგანიზაციების პრიორიტეტებისა და ძირითადი მიდგომების გაცნობა წარმოადგენდა.

დავით ნარმანია ბიზნესმენებს ესაუბრა ინფრასტრუქტურის განვითარების მნიშვნელობის შესახებ ქვეყნის ეკონომიკის ზრდასა და რეგიონულ განვითარებაში სამინისტროს 2014 წლის პოლიტიკის, ძირითადი პრიორიტეტებისა და დაგეგმილი პროექტების თაობაზე, რომელიც აქტუალური იქნება არამარტო მოქმედი ადგილობრივი და საერთაშორისო სამშენებლო კომპანიებისათვის, არამედ სხვა სფეროს წარმომადგენლებისთვისაც.
„ძალიან მნიშვნელოვანია, ბიზნეს-სექტორს თავიდანვე მივაწოდოთ ინფორმაცია დაგეგმილი პროექტებისა და ტენდერების შესახებ, რათა ისინი მოემზადონ და სასურველ ტენდერში მონაწილეობა შეუფერხებლად მიიღონ,“ – განაცხადა დავით ნარმანიამ, – „მნიშვნელოვანია, ასევე, ისიც, რომ შემდეგი წლის ბიუჯეტი, 2013 წლის ბიუჯეტთან შედარებით, არ მცირდება, რაც ნიშნავს იმას, რომ, კვლავაც არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება შეგვეძლება. ამიტომაც არის კომპანიებისგან დიდი ინტერესი იმასთან დაკავშირებით, რომ, გაზრდილი კონკურენციის პირობებში, კარგად მოემზადონ მომავალი კონკურსებისთვის. მე მათ, ასევე, გავაცანი რეგიონებში განსახორციელებლი პროექტების ფონდის საქმიანობა, რომლის ფარგლებშიც, მუნიციპალიტეტები მომდევნო წელსაც 200 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების პროექტების განსახორციელებელად გამოაცხადებენ ტენდერებს.“
დავით ნარმანიამ უპასუხა ბიზნესმენთა შეკითხვებს, რომელიც შეხვედრაზე მრავლად დაისვა. ბიზნესმენები დაინტერესდენ სატენდერო მოთხოვნების დეტალებით, კონკრეტული სფეროებით, რომელშიც პროექტების განხორციელება იგეგმება. შეხვედრას ესწრებოდნენ მინისტრის ახალი მოადგილეები – გიორგი სოლომონია და გიორგი ამაშუკელი, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის თამჯდომარეები, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისა და საქართველოს მუნიციპალური ფონდის ხელმძღვანელი პირები.
„საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატა ხელს უწყობს კერძო და საჯარო სექტორებს შორის დიალოგს, რისი მაგალითიც დღევანდელი შეხვედრაა,“ – განაცხადა კახა კოხრეიძემ, – „რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ძალიან დიდი როლს ასრულებს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში, მომავალი წლის ბიუჯეტში მილიარდ ლარამდეა გათვალისწინებული ინფრასტრუქტურული პროექტებითვის. ბიზნესი აქტიურად უნდა იყოს ჩართული პროცესებში, რათა შედეგები ეფექტიანი იყოს. ბევრი მანკიერი პრაქტიკა, რომელიც არსებობდა, ახლა აღარ არსებობს, შეიცვალა მიდგომები, ბიზნესის მიმართ სხვაგვარი დამოკიდებულება გაჩნდა, განსაკუთრებით, ეს მცირე და საშუალო ბიზნესს დაეტყო. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, თანასწორობის პრინციპებია დაცული. ეს ახალი რეალობაა და ის გახსნილ ურთიერთობებსაც გულისხმობს. ამდენად, ვფიქრობ, ასეთი შეხვედრები რეგულარულ ხასიათს შეიძენას.“
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის შეხვედრა ბიზნეს-სექტორთან საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, სასტურო “Holiday Inn”-ში გაიმართა.