სამცხე-ჯავახეთში 10-ზე მეტი სკოლის სრული რეაბილიტაცია და მშენებლობა ხორციელდება

18 აგვისტო 2019

საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი სამცხე-ჯავახეთის სოფელ ზარზმისა და მოხეს სკოლების მიმდინარე რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო. 

ზარზმისა და მოხეს სკოლებს ინფრასტრუქტურის სამინისტროს სისტემაში შემავალი მუნიციპალური განვითარების ფონდი განათლების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში ახორციელებს. 

„სოფელ მოხეს სკოლაში ვიყავით რამდენიმე თვის წინ. სკოლა ნამდვილად სავალალო მდგომარეობაში იყო. როგორც იცით, განათლება ჩვენი მთავრობის პრიორიტეტია და წელს მხოლოდ ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მიერ სამცხე-ჯავახეთში სკოლების მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების 65 პროექტი შესრულდება. გარდა ამისა, მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს ასეთი ტიპის სოფლის სკოლების კაპიტალურ რეაბილიტაციას და აშენებს ახალ სკოლებსაც. წელს სამცხე-ჯავახეთში დაახლოებით 15 რეაბილიტაციის და ახალი სკოლის მშენებლობის პროექტი გვაქვს. ამით გვეძლევა საშუალება, გავზარდოთ როგორც განათლების ხარისხი, ისე სოფელში ჩვენ მოსახლეობას, ბავშვებს მივცეთ წვდომა იმ ინფრასტრუქტურაზე, რომელიც აუცილებელია მათი ღირსეული ცხოვრებისთვის,“-განაცხადა მაია ცქიტიშვილმა. 

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხესა და ზარზმის სკოლები 160 ბავშვზეა გათვლილი და რამდენიმე სოფელს ემსახურება. სკოლების სრული რეაბილიტაცია ითვალისწინებს საკლასო ოთახების, საპირფარეშოების, სპორტული დარბაზების, სპორტული მოედნების და ეზოს ტერიტორიის კეთილმოწყობას. ასევე, იგეგმება გათბობის, წყალსადენის და კანალიზაციის სისტემების მოწყობა. სკოლები ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. ზარზმის სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს და დასრულება სექტემბრის ბოლოს, ხოლო მოხეს სკოლის რეაბილიტაციის დასრულება 2020 წლის პირველივე თვეებში იგეგმება. 

დაახლოებით 4 მილიონი ლარია გამოყოფილი რეგიონებში განვითარების ფონდიდან  სამცხე-ჯავახეთის რეგიონის სკოლებისათვის მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩასატარებლად. ასეთი სახის სამუშაოები რეგიონის 30-ზე მეტ სკოლაში  იგეგმება და ამ პროცესს ადგილობრივი თვითმმართველობა წარმართავს. სამუშაოები ჩატარდება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების მიხედვით.