თელავის მუნიციპალიტეტსა და სოფელ კურდღელაურში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია ხორციელდება

13 აგვისტო 2015

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სსიპ მუნიციპალური განვითარების ფონდი, თელავის მუნიციპალიტეტსა და სოფელ კურდღელაურში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას ახორციელებს. სამუშაოები ევროპის საინვესტიციო ბანკისა და საქათველოს მთავრობის თანადაფინანსებით ხორციელდება.  პროექტის საერთო ღირებულება 7,052,133 ლარია.  სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ ილია დარჩიაშვილმა და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ დაათვალიერეს.

სოფელ კურდღელაურს, სადაც 1500 ოჯახი ცხოვრობს,   წყალი, კვირაში ერთხელ, მხოლოდ ერთი საათით  მიეწოდება, თუმცა  არსებული ქსელის მნიშვნელოვანი დაზიანების გამო ვერც ამ წყალს იყენებენ სასმელად. შესაბამისად სოფლის მოსახლეობა სასმელ  წყალს ინდივიდუალურად გაკეთებული ჭაბურღილებიდან იღებს. პროექტის განხორციელებით სოფელ კურდღელაურის მაცხოვრებლებს წყლის მიწოდების პრობლემა მოუგვარდება.  

წყლის მიწოდებასთან დაკავშირებული სირთულეებია ასევე თელავის მუნიციპალიტეტშიც, მოსახლეობის ნაწილს  წყალი    5-6 საათიანი,  ხოლო  ნაწილს 8-10 საათიანი გრაფიკით მიეწოდება.   წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის შედეგად, თელავის მოსახლოებას   მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდება წყლის მიწოდება და სასმელი წყლის ხარისხი.

პროექტის ფარგლებში სოფელ კურდღელაურში რეაბილიტაცია უტარდება ამორტიზირებულ ქსელს, რომლის საერთო სიგრძე 70 კმ-ია,  აშენდება 3 ახალი რეზერვუარი,  და ერთ  რეზერვუარს ჩაუტარდება სარეაბილიტაციო სამუშაოები.  გაკეთდება  2 ახალი ჭაბურღილი. აღნიშნული პროექტის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის ივლისში დაიწყო  და 2016 წელს დასრულდება. პროექტს  შპს „ტრესტ ნეფთგაზ ტიკინტი“ ახორციელებს.