სიახლეები

1 ივლისი 2014

ლანჩხუთის მოსახლეობას 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, თორნიკე თორაძემ და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილე გიორგი კობერიძემ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში წყალსადენი სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს. წყლის სისტემების რეაბილიტაციის შედეგად ლანჩხუთის მოსახლეობის დიდ ნაწილს ნაცვლად 3-დან-12 საათამდე გრაფიკისა 24 საათიანი წყალმომარაგება ექნებათ. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ახორციელებს. სამუშაოების საერთო ღირებულება 2,703,731.06 ლარია. პროექტის დასრულების შემდეგ ობიექტი ექსპლუატაციაში გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას გადაეცემა.
30 ივნისი 2014

თბილისში ახალი მეტროს მშენებლობაზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია

მეტროსადგურ უნივერსიტეტის მშენებლობასთან დაკავშირებით მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი გამოაცხადა. ამის შესახებ დღეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ელგუჯა ხოკრიშვილმა და საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ილია დარჩიაშვილმა საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდეს. მინისტრმა და ფონდის დირექტორის მოადგილემ კომპანიებს ტენდერში მონაწილეობისკენ მოუწოდეს. ამასთან, ხოკრიშვილმა და დარჩიაშვილმა საზოგადოებას ის ვიზუალური მასალა გააცნეს, სადაც ნაჩვენებია, თუ როგორი იქნება მეტრო მშენებლობის დასრულების შემდეგ.
29 ივნისი 2014

ოზურგეთში 30 ათას მოქალაქეს წყალმომარაგების მიწოდების პრობლემა მოუგვარდა

პრემიერ- მინისტრის სახელმწიფო რწმუნებულმა გურიის რეგიონში - გიორგი ჩხაიძემ, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე თორნიკე თორაძემ, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა არჩილ ცაბუტაშვილმა და მისმა მოადგილე გიორგი კობერიძემ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 30 ათას მოქალაქეს წყალმომარაგების პრობლემა მოუგვარა. წყლის სისტემის რეაბილიტაცია, რომელიც ოზურგეთში წლებია არ განხორციელებულა, ფონდმა ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით განახორციელა. პროექტის ღირებულება 2,653,428.70 ლარია. რეაბილიტაციის შედეგად ნაცვლად 8 საათიანი გრაფიკისა , მოსახლეობას წყალი 14 საათიან რეჟიმში მიეწოდება. ამასთან გარანტირებული იქნება წყლის ხარისხი.
26 ივნისი 2014

ძეგვის ბაგა-ბაღს მგფ-ის დაკვეთით რეაბილიტაცია ჩაუტარდა

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძეგვში საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით ბაგა-ბაღს რეაბილიტაცია ჩაუტარდა. სამშენებლო სამუშაოებისთვის 138,000.00 ლარი იყო გამოყოფილი. რეაბილიტაციის ფარგლებში გაილესა და შეიღება კედლები, მოეწყო კანალიზაცია, შეიცვალა კარები და იატაკი, გაკეთდა ახალი საპირფარეშო და დამონტაჟდა გამათბობელი. ამჟამად ბაღში 30 აღსაზრდელი დადის. თუმცა რეაბილიტაციის შემდეგ ბაღში დამატებით 110 განაცხადია შესული. სამუშაოებზე 35 ადამიანი იყო დასაქმებული.
26 ივნისი 2014

მუნიციპალური განვითარების ფონდმა მცხეთის ბაგა- ბაღის რეაბილიტაცია განახორციელა

ქალაქ მცხეთაში ფონდმა გმირის ქუჩაზე მდებარე ბაგა- ბაღის რეაბილიტაცია განახორციელა. სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 120,635.07 ლარია , რეაბილიტაციის ფარგლებში მოხდა კარ-ფანჯრების გამოცვლა, მოეწყო ახალი იატაკი, გაკეთდა საპირფარეშო, სამზარეულო, გაილესა და შეიღება კედლები, დამონტაჟდა გამათბობლები. დღეის მდგომარეობით აღნიშნულ ბაღში 120 აღსაზრდელი დადის. როგორც ბაღის ხელმძღვანელობამ ფონდს აცნობა, შენობის რეაბილიტაციის შემდეგ დამატებით 50-მა მშობელმა გამოთქვა აღნიშნულ ბაღში შვილების შეყვანის სურვილი და დამატებით 50 განაცხადი შევიდა მცხეთის ბაგა- ბაღში. სამუშაოებზე 35 ადამიანი იყო დასაქმებული. შენობასთან ერთად მოხდა ეზოს კეთილმოწყობაც.
26 ივნისი 2014

მგფ-მა სოფელ ქსოვრისის ბაგა-ბაღს რეაბილიტაცია ჩაუტარა

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით სოფელ ქსოვრისის ბაგა -ბაღის შენობისა და ეზოს რეაბილიტაცია განხორციელდა. სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 164,136.99 ლარია, რეაბილიტაციის ფარგლებში გამოიცვალა კარ-ფანჯრები, იატაკი, გაილესა და შეიღება კედლები, მოეწყო კანალიზაცია და გაკეთდა ახალი საპირფარეშოები, დამონტაჟდა გამათბობელი. ამჟამად ქსოვრისის ბაგა-ბაღში 25 აღსაზრდელი დადის. რეაბილიტაციის შემდეგ ბაღში დამატებით 60 განაცხადი შევიდა. სამუშაოებზე 35-40 ადამიანი იყო დასაქმებული.
25 ივნისი 2014

მუნიციპალური განვითარების ფონდმა მცხეთაში 3 ბაგა- ბაღის რეაბილიტაცია განახორციელა

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ილია დარჩიაშვილმა მცხეთის მუნიციპალიტეტში ფონდის მიერ რეაბილიტირებული ბაგა- ბაღები დაათვალიერა. მუნიციპალური განვითარების ფონდმა მცხეთის მუნიციპალიტეტში სამი ბაგა-ბაღის რეაბილიტაცია განახორციელა. კერძოდ, ქალაქ მცხეთაში, სოფელ ქსოვრისში და სოფელ ძეგვში. პროექტები სახელწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და ჯამში სამივე ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 400 ათას ლარიზე მეტი გამოიყო. სამივე ბაგა-ბაღში ამჟამად 175-ზე მეტი აღსაზრდელი დადის, ბაღების რეაბილიტაციის შემდეგ დაწესებულებებში დამატებით 200 -ზე მეტი განაცხადი შევიდა.
17 ივნისი 2014

მსოფლიო ბანკმა კახეთში განხორციელებული პროექტებისთვის მუნიციპალური განვითარების ფონდი დააჯილდოვა

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ერთობლივი პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის, მსოფლიო ბანკის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ვიცე-პრეზიდენტის ჯილდო მიიღეს.

13 ივნისი 2014

მგფ-ი ქუთაისში 5 ქუჩის გზის რეაბილიტაციას ახორციელებს

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე თორნიკე თორაძემ ქალაქ ქუთაისში ხუთი ქუჩის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. თორაძე მშენებლობაზე დასაქმებულ ადამიანებსა და ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით ქუთაისში 5 ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ამჟამად მიმდინარეობს ოცხელის, ზვიად გამსახურდიას, თოფურიას, სოხუმისა და კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩებზე. სამუშაოების საერთო ღირებულება 1,195,788 ლარია .
13 ივნისი 2014

ევროპის საინვესტიციო ბანკისა და ევროკავშირის დაფინანსებით მგფ-ი 28 ქალაქის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას განახორციელებს

საქართველო-ევროკავშირის საინვესტიციო კონფერენციის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშილმა და ევროკომისისს პრეზიდენტმა ჟოზე-მანუელ ბაროზომ ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომლის ფარგლებშიც ევროკავშირი ხელს შეუწყობს საქართველოში წყლის ხარისხის გაუმჯობესებას. დღესვე სასტუმრო რედისონში ევროპის საინვესტიციო ბანკს, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდსა და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას შორის ხელი მოეწერა საპროექტო ხელშეკრულებას, რომელიც ასევე 28 ქალაქის წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაციას მოხმარდება. აღნიშნულ დოკუმენტს ხელი მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი სომხიშვილმა, ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე პრეზიდენტმა ვილჰელმ მოლტერერმა და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა არჩილ ცაბუტაშვილმა მოაწერეს. 48 მილიონი ევრო მთლიანად 28 ქალაქის წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესებას მოხმარდება, საიდანაც 40 მილიონი ევრო ევროპის საინვესტიციო ბანკის კრედიტია, 8 მილიონი ევრო კი ევროკავშირის გრანტი.