მგფ-მა ზესტაფონში დევნილებისთვის 4 კორპუსის რეაბილიტაცია დაასრულა

21 დეკემბერი 2013

დღეს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა დავით დარახველიძემ  და მისმა მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილმა , მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე  თეიმურაზ მურღულიამ, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს  დირექტორმა სტივენ  ჰეიკენმა ზესტაფონში 134  იძულებით გადაადგილებულ ოჯახს საცხოვრებელი სახლის გასაღები გადასცეს.

ღონისძიებას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს- ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის უფროსი ავთანდილ სუდაძე  და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

ზესტაფონის  მუნიციპალური ინფრასტრუქტურისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებლის რეაბილიტაციის ფარგლებში, მუნიციპალური განვითარების ფონდმა იძულებით გადაადგილებულ პირთათვის  4 კორპუსის რეაბილიტაცია დასრულა.

აღნიშნული პროექტი  საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს  (USAID-ის) დაფინანსებით განახორციელა. სამუშაოების საერთო ღირებულება 4 670, 697.57  ლარია. აღნიშნულ პროექტზე სარეაბილიტაციო სამუშაოები 2012 წელს დაიწყო და მიმდინარე წელს დასრულდა. პროექტის ფარგლებში 134 საცხოვრებელი ბინის რეაბილიტაცია მოხდა. აქედან 41  ერთოთახიანი, 67  ოროთახიანი, 26  სამოთახიანი, მათ შორის 6  ბინა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვისაა სრულად ადაპტირებული.

პროექტის განმავლობაში მშენებლობაზე 250 ადამიანი იყო დასაქმებული, რომელთა ნაწილიც იძულებით გადადგილებული პირი იყო.

ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, მუნიციპალური განვითარების ფონდი საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა მუნიციპალიტეტში იძულებით გადაადგილებული პირებისთვის 10 საცხოვრებელი კორპუსის რეაბილიტაცია განახორციელა. USAID-ის მიერ პროექტის განსახორციელებლად საერთო ჯამში 11,982,688.23 ლარი იყო გამოყოფილი .  პროექტის დასრულების შედეგად, დევნილებისთვის 10 საცხოვრებელი კორპუსი და 335 ბინა მოეწყო.

მუნიციპალური ინფრასტრუქტურისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებლის რეაბილიტაციის ფარგლებში ათი კორპუსის რეაბილიტაცია უკვე დასრულდა. პროექტის ფარგლებში რეაბილიტირებული შენობები გაიხსნა ქუთაისში, წყალტუბოში, ვანში,  მარნეულში,  ქარელში, თერჯოლში და ზესტაფონში.

ყველა საცხოვრებელს გააჩნია ინდივიდუალური სააბაზანო და საპირფარეშო, რომელიც სრულად არის აღჭურვილი. სამზარეულოებში დამონტაჟდა წყლის გამათბობელები, ასევე, დაიდგა კარმის ტიპის გაზგამათბობელი. ეზოში მოწყობილია სათამაშო ატრაქციონი, ასევე, მოეწყო ავტომანქანებისთვის სადგომი. დამონტაჟდა გარეგანათების ქსელი და დეკორატიული სანათები.