ნარმანია და ხოკრიშვილი ADB-ის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურ დირექტორს შეხვდნენ

20 დეკემბერი 2013

დღეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია  და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ელგუჯა ხოკრიშვილი აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურ დირექტორს კლაუს გერჰაუზერს შეხვდნენ.

მხარეებმა შეხვედრაზე აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით განსახორციელებელი პროექტების მართვისა და განხორციელების პროცესის გაუმჯობესების თაობაზე  ისაუბრეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა იმ პროექტებზე, რომელთა შესახებაც საკრედიტო ხელშეკრულებას საქართველოსა და  აზიის განვითარების ბანკს შორის  გუშინ მოეწერა ხელი.

აღნიშნული ხელშეკრულებები ითვალისწინებს შემდეგი პროექტების დაფინანსებას:

თბილისი-რუსთავის საავტომობილო გზის მეორე მონაკვეთის მოდერნიზაციას,  რომლის საპროექტო ღირებულებაც 65,5 მლნ დოლარია.  ასევე დაფინანსდება  ანაკლიის ნაპირდამცავი სამუშაოების მეორე ფაზა, რომლის ღირებულებაც  7,5 მლნ დოლარია.

მესამე პროექტის განხორციელების მიზნით, ADB-ს მიერ საქართველოსათვის გამოიყოფა დაახლოებით 98 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის შეღავათიანი ფინანსური რესურსი. პროექტს განახორციელებს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია.