ADB-იმ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის მესამე ტრანში დაამტკიცა

20 დეკემბერი 2013

საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის ხელი მოეწერა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების შეთანხმებებს.  ხელშეკრულებებს ხელი საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა, აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურმა დირექტორმა, კლაუს გერჰაუზერმა, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორმა ელგუჯა ხოკრიშვილმა და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა არჩილ ცაბუტაშვილმა.

 

ხელშეკრულებები  შემდეგი პროექტების დაფინანსებას ითვალისწინებს:

 

„ურბანული სექტორის გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა – პროექტი 3”

„მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამა – პროექტი 3”

 

მესამე ტრანშის ფარგლებში სახელმწიფო მნიშნელობის პროექტები დაფინანსდება.

 

სესხის ხელშეკრულების თანახმად საქართველო აზიის განვითარების ბანკიდან 73 მლნ აშშ დოლარის ოდენობის კრედიტს მიიღებს, კრედიტის ფარგლებში ორი ძალიან მნიშნელოვანი პროექტი დაფინანსდება, კერძოდ, თბილისი-რუსთავის საავტომობილო გზის მეორე მონაკვეთის მოდერნიზაცია,  რომლის საპროექტო ღირებულებაც 65,5 მლნ დოლარია.  ასევე დაფინანსდება  ანაკლიის ნაპირდამცავი სამუშაოების მეორე ფაზა, რომლის ღირებულებაც  7,5 მლნ დოლარია.

მესამე პროექტის განხორციელების მიზნით, ADB-ს მიერ საქართველოსათვის გამოიყოფა დაახლოებით 98 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის შეღავათიანი ფინანსური რესურსი. პროექტს განახორციელებს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია. „ურბანული სექტორის გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა – პროექტი 3“-ის ფარგლებში დაგეგმილია ქალაქ ქუთაისში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის განხორციელება და ურეკში წყლისა და კანალიზაციის სისტემების მშენებლობა.

 

„დღეს ხელი მოვაწერეთ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პროექტების დაფინანსების ხელშეკრულებებს. აზიის განვითარების ბანკი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე სანდო და მნიშვნელოვანი ინვესტორია. მისი მეშვეობით ვახორციელებთ როგორც საჯარო, ისე კერძო პროექტებს. ჩვენ განვაგრძობთ თანამშრომლობას ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა; გზების მშენებლობა, წყალმომარაგება, ნაპირსამაგრი სამუშაოები. დარწმუნებული ვარ, თანამშრომლობა წარმატებით გაგრძელდება,“ – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.

 

„აზიის განვითარების ბანკი მოხარულია იმ ნაყოფიერი თანამშრომლობით, რომელიც ჩამოყალიბდა საქართველოს მთავრობასთან. აღნიშნული პროექტები საქართველოში აზიის განვითარების ბანკის გრძელვადიანი საინვესტიციო პროგრამების ნაწილია. მათი მეშვეობით, ერთის მხრივ, სხვადასხვა ქალაქებში დაფინანსდება წყალმომარაგების სისტემების სარეაბილიტაციო და კანალიზაციის მშენებლობის სამუშაოები, ხოლო მეორეს მხრივ, ისეთი ინფრასტრუქტურული პროექტები, როგორიცაა თბილისი-რუსთავის დამაკავშრებელი ავტომაგისტრალის (მეორე მონაკვეთი) მოდერნიზაციის და ანაკლიის ნაპირდაცვის სამუშაოები,“ – განაცხადა აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურმა დირექტორმა კლაუს გერჰაუზერმა.