კონფლიქტისპირა 9 სოფელს წყალმომარაგების პრობლემა მოუგვარდება

20 დეკემბერი 2013

შიდა ქართლის კონფლიქტისპირა 9 სოფელში წყალმომარაგების მოწესრიგების სამუშაოები დაიწყება. სამშენებლო სამუშაოების საპროექტო ღირებულება 1 115 000.00 ლარია. სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდი საკუთარი ბიუჯეტიდან განახორციელებს.

მთავრობის გადაწყვეტილებით, შიდა ქართლის სოფლებში წყალმომარაგების სისტემის მოწესრიგების სამუშაოები ახალ წლამდე დაიწყება, რომლის დასრულების შემდეგაც სოფლების – დიდი ხურვალეთის, გუგუთიანთკარის, კოშკას, ზარდიანთკარის, დიცის, მერეთის, წაღვლის, ატოცისა და კნოლევის მოსახლეობა სასმელ წყალს უწყვეტ რეჟიმში მიიღებს.

შიდა ქართლის სოფლები სასმელი წყლის დიდ დეფიციტს განიცდიან. აღნიშნული საკითხის მოგვარების მიზნით, გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში – დიდი ხურვალეთი, გუგუთიანთკარი, კოშკა და ზარდიანთკარი იწყება წყლის გამანაწილებელი სადაწნევო რეზერვუარების მშენებლობა, ხოლო გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში – დიცი და მერეთი, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელში – წაღვლი და ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ატოცი და კნოლევი, წყლის გამანაწილებელი სადაწნევო რეზერვუარების მშენებლობასთან ერთად, დამატებით 5 ჭაბურღილი მოეწყობა.

აღსანიშნავია, რომ ოთხ სოფელში – დიდ ხურვალეთში, გუგუთიანთკარში, კოშკასა და ზარდიანთკარში წელს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ოთხი ჭაბურღილი უკვე გაბურღა, რამაც აღნიშნულ სოფლებში უწყლოობის პრობლემა მეტ-ნაკლებად მოხსნა. ამჟამად, პრობლემის სრულად მოსაგვარებლად, ამ სოფლებში წყლის გამანაწილებელი სადაწნევო რეზერვუარების მშენებლობა დაიწყება.