​საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების თანადაფინანსებით საქართველოში ენერგოეფექტური და გარემოსდაცვითი პროექტები განხორციელდება

8 ოქტომბერი 2014

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი ამაშუკელი, რომელიც ამავდროულად მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორია,ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) საკონსულტაციო ჯგუფის წარმომადგენლებს, მიშელ რეიდლინგერსა და მარკ ლუცკის შეხვდა.

EBRD-ის  საკონსულტაციო ჯგუფი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, კერძოდ საქართველოში, მოლდოვასა და სომხეთში, ენერგოეფექტურობისა და გარემოსდაცვითი პარტნიორობისთვის (E5P) პოტენციურ პროექტებს არჩევს. დღევანდელი შეხვედრის მიზანი ქართული მხარისთვის აღნიშნული პროგრამის გაცნობა  გახლდათ.

E5P მულტიდონორული ფონდია, რომელიც 2009 წელს დაფუძნდა  და მისი ამოცანებია: ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება და გარემოზე მავნე ზემოქმედების შემცირება. აღნიშნულ ამოცანას, ფონდი საერთაშორისო ფინანსური მხარდაჭერის მეშვეობით ახორციელებს, რომლის ნაწილი დონორების მიერ გამოყოფილი გრანტია, ნაწილი კი თავად ბენეფიციართა მიერ მოპოვებული ფინანსები.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, E5P მხარს დაუჭერს  პროექტებს ისეთი სფეროებიდან, როგორიცაა:

  • წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემები;
  • მყარი ნარჩენების მართვა;
  • ქუჩების განათება ენერგოდამზოგავი სისტემებით;
  • საჯარო შენობებისა და საცხოვრებელი სახლების (მათ შორის იძულებით გადაადგილებულ პირთა სახლების) გათბობის სისტემები და თბოიზოლაცია და ა.შ.

შეხვედრაზე, მინისტრის პირველმა მოადგილემ, ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე ენერგოდამზოგავი განათების დამონტაჟებისა და იძულებით გააადგილებულ პირთა საცხოვრებელი სახლების გათბობის საკითხებზე შეაჩერა ყურადღება. მხარეები შეთანხმდნენ, რომ საკონსულტაციო ჯგუფის წევრები უახლოეს მომავალში სამინისტროს დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელებს ცალ-ცალკე შეხვდებიან და  E5P-თვის საინტერესო პროექტების თაობაზე იმსჯელებენ. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, პროექტების შერჩევისას, ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი მათი ენერგოდამზოგავი და გარემოსდაცვითი ეფექტურობა იქნება.