ამაშუკელმა ურბანული განვითარების კუთხით მიღწეულ პროგრესზე საერთაშორისო კონფერენციაზე ისაუბრა

30 სექტემბერი 2014

 საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ამაშუკელი, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორთან, გიორგი შუხოშვილთან და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორთან, არჩილ ცაბუტაშვილთან ერთად, გერმანიაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ამაშუკელი, შუხოშვილი და ცაბუტაშვილი  საერთაშორისო დონის კონფერენციაში - „მდგრადი ურბანული განვითარება სამხრეთ კავკასიაში“ იღებენ მონაწილეობას.  კონფერენციაში მონაწილეობს ქალაქ თბილისის მერი, დავით ნარმანია.

 დღეს გამართულ სესიაზე გერმანიასა და ევროპაში ურბანული განვითარების კუთხით არსებული ძირითადი მიმართულებები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა ურბანული განვითარების ინტეგრირებულ პერსპექტივებსა და თანამონაწილეობითი დაგეგმვის მიდგომებზე. ასევე, საუბარი შეეხო ინფრასტრუქტურის განვითარებაში გარდაქმნის პროცესს, რომელიც წყალმომარაგების სექტორში ესტონეთის გამოცდილებას ეფუძნებოდა.

 დღესვე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი ამაშუკელმა კონფერენციის მონაწილეებს  ურბანული განვითარების კუთხით  საქართველოში მიღწეულ პროგრესთან დაკავშირებით მიაწოდა ინფორმაცია.