ქალაქ წნორის მოსახლეობა 24 საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს

1 სექტემბერი 2014

ქალაქ წნორში, მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი იწყება - ახალი ცენტრალური წყალსადენის სისტემა  ქალაქის   მაცხოვრებლებს,  24 საათის განმავლობაში   მაღალი ხარისხის წყლით უზრუნველყოფს.

პროექტი, საქართვლოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისა და  საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის კოორდინირებით  ხორციელდება.

ამასთან დაკავშირებით დღეს წნორში  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით შავლიაშვილი, საქართველოს წყალმომარაგების გაერთიანებული კომპანიის დირექტორი არჩილ ცაბუტაშვილი, კახეთის გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი და საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე თორნიკე თორაძე  იმყოფებოდნენ.

ქ. წნორის წყალსადენის რეაბილიტაცია ევროკავშირის და ევროპის საინვესტიციო ბანკის   დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 8 მილიონ ლარზე მეტია. პროექტის მიზანია,   ახალი ცენტრალური წყალსადენის სისტემის საშუალებით, ქალაქის 6400  მაცხოვრებელი,  24 საათის განმავლობაში   მაღალი ხარისხის წყლით უზრუნველყოს.

წლების მანძილზე,  ქალაქში წყალმომარაგება  ცალკეული უბნების მიხედვით, საუბნო ჭაბურღილებიდან  ხორციელდება.  რაც თავისთავად გამორიცხავს წყლის დამაკმაყოფილებელ ხარისხსა და მიწოდების უწყვეტობას.

ტენდერში გამარჯვებული კომპანია, შპს „ზიმო“,  ქ. წნორის  წყალსადენის რეაბილიტაციის პროექტზე 250-მდე ადამიანს დაასაქმებს.  პროექტს, მიმდინარეობისას, ზედამხედველობას გაუწევენ წამყვანი საერთაშორისო საინჟინრო-საკონსულტაციო კომპანიები  ILF Consulting Engineers და  Saunders Group LTD.

პროექტი ითვალისწინებს 1250 კუბიანი რეზერვუარის, სატუმბი სადგურის, ჭაბურღილებისა და საქლორატოროს რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციას. სადაწნეო მილსადენების, რეზერვუარების, ქალაქის შიდა გამანაწილებელი ქსელების სრულ რეაბილიტაციასა და ქალაქის ქსელის I-II-III ზონის მოწყობას. სამუშაოები  2016 წელს დასრულდება.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ობიექტი ექსპლუატაციაში საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას გადაეცემა.

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი და საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, ევროკავშირსა და ევროპის საინვესტიციო ბანკთან პარტნიორობის ფარგლებში, მსგავს სამუშაოებს საქართველოს მასშტაბით 30-მდე  ქალაქში გეგმავს. პროექტის საერთო ღირებულება დაახლოებით 100 მილიონი ლარია.