ბათუმის ჟიული შარტავას სახელობის გმირთა ხეივნის რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა

7 მარტი 2024
 ბათუმში, ჟიული შარტავას სახელობის გმირთა ხეივნის სრული რეაბილიტაცია და საფეხმავლო სახიდე გადასასვლელების მშენებლობა დასკვნით ფაზაშია. პროექტს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, პროგრამა „განახლებული რეგიონების“  ფარგლებში, ახორციელებს. 
გმირთა ხეივნის რეაბილიტაციის პროექტის მიხედვით, უკვე გამოიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები, მოეწყო სარწყავი სისტემა, სავალი ნაწილის ბეჭდური ბეტონი, საფეხმავლო ბილიკები, კომერციული და მოსასვენებელი სივრცეები, დამონტაჟდა გარე განათების  დეკორატიული ლამპიონები, შადრევნები და ველო სადგომები.
ხეივანში განთავსდა დეკორატიული საყვავილეები, ინსტალაციები, სკამები, ურნები და თანამედროვე ტიპის,  ელექტრო მოწყობილობების დამტენებით აღჭურვილი, მოსასვენებელი გადახურული სივრცეები.
 ,,ბათუმის ჟიული შარტავას სახელობის ხეივანში პატივი მივაგეთ საქართველოს გმირის ხსოვნას. დღეს  ჟიული შარტავას დაბადების დღეა, მას 80 წელი შეუსრულდებოდა. ადამიანი რომელმაც ქართულ ისტორიაში, ღირსებით სავსე დიდი თავი შექმნა. სიმბოლურია, რომ ამ დიდ ადამიანს და ქართველ გმირს პატივი მივაგეთ იმ ადგილას , სადაც ბათუმის ახალი ბულვარი, ანუ მომავლის  საქართველო არის , რაც მისი ოცნება იყო , რისთვისაც მან თავი გაწირა. მნიშნელოვანია, რომ სწორედ  გმირთა ხეივანში ხორციელდება ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი”-განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.
ხეივანში განახლდა დენდროლოგია, რეგიონის კლიმატური პირობების შესაბამისად შერჩეული, სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარეებითა და ყვავილებით. 
ასევე, დასრულდა ხეივნის მონაკვეთების დამაკავშირებელი 3 ლითონკონსტრუქციის  საფეხმავლო გადასასვლელი ხიდის მშენებლობა. ხიდებზე მოეწყობა  პანდუსის ტიპის სავალი ნაწილები, დეკორატიული ელემენტებითა და მრავალფუნქციური განათებებით. ხიდებზე განთავსდება ლიფტები.
ფეხით მოსიარულეთა და ველოსიპედით მოსარგებლეთათვის გათვალისწინებული სახიდე გადასასვლელი, პანდუსთან ერთად, უზრუნველყოფს კავშირს როგორც სამნაწილიანი ბულვარის მონაკვეთებს შორის, ისე ბულვარის კავშირს სანაპიროსთან.  
 ,,თამამად შეიძლება ითქვას, რომ რეკრეაციული სივრცეების, ინფრასტრუქტურული ელემენტების, სხვა ატრაქციების კვალდაკვალ უკვე უკვე დასკვნითი ფაზაშია  ორი ხიდი , რომელთაც აქვთ მრავალმხრივი დანიშნულება, როგორც საკომუნიკაციო, ასევე საგზაო  უსაფრთხოების თვალსაზრისით და  იმ ახალი შესაძლებლობების სახით, რომელიც უკვე ინფრასტრუქტურულად მოეწყობა ამ  ხიდებთან. მთლიანობაში, აღნიშნული ბულვარი ბათუმის სტადიონთან ერთად, კიდევ ერთი  მშვენება იქნება  ჩვენი საყვარელი ბათუმის”-აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.
 ქალაქის ახალი ცენტრალური სტადიონის მიმდებარედ, 1 კმ სიგრძის გმირთა ხეივანი,   მაღალი ინტენსივობის განაშენიანების გამყოფი სივრცეა, რომელიც საკმაოდ არასახარბიელო მდგომარეობაში და ფაქტობრივად, უფუნქციო იყო. მისი რეაბილიტაციის პროექტის ითვალისწინებდა სივრცის განვითარებას და ფუნქციურ დატვირთვას. პროექტის განვითარება, მისი მასშტაბურობიდან გამომდინარე, ორ ეტაპად დაიგეგმა. სამუშაოები აქტიურად გრძელდება და ტურისტული სეზონისათვის ქალაქს ახალი დასასვენებელი სივრცე შეემატება. 
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 23.8 მილიონი ლარით დაფინანსდა.