ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 4 ახალი საბავშვო ბაღი შენდება

31 იანვარი 2023

 საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 4 სოფელში ახალ საბავშვო ბაღებს აშენებს. ახალი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები, ჯამში 500-მდე ბავშვს მოემსახურება.

მშენებლობის დასრულების შემდეგ, ბაღების აღსაზრდელები საცხოვრებელთან ახლოს მდებარე, საერთაშორისო სტანდარტის შესაბამის ბაღებში ივლიან.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭითაწყაროში და სოფელ რუხში - 100 ბავშვზე გათვლილი, სოფელ დარჩელში - 180 ბავშვზე გათვლილი, ხოლო სოფელ შამგონაში 75 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღები შენდება.

პროექტების განხორციელების შედეგად, მოეწყობა სათამაშო და საძინებელი ოთახები, საპირფარეშოები და ეზოები. პროექტში გათვალისწინებულია შიდა და გარე სივრცეების, რეკრეაციული ზონების, კომუნიკაციების და სველი წერტილების კეთილმოწყობა.

ბაღების შენობები ადაპტირებული იქნება განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთათვის.

ახალი 4 ბაღის მშენებლობას აზიის განვითარების ბანკი 16 მილიონი ლარით აფინანსებს.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრქუტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, ქვეყნის მასშტაბით, 20 საბავშვო ბაღის მშენებლობას ახორციელებს. პროგრამის ჯამური ღირებულება 79 მილიონი ლარია. პროგრამის დასრულების შემდეგ, განახლებული ინფრასტრუქტურით, ჯამში 2275 ბავშვი ისარგებლებს.