იმერეთის რეგიონში ბზვანის საჯარო სკოლა და სოფელ მეორე ობჩაში ჭყეპნარას და საბუკიას გზის რეაბილიტაცია დასრულდა

21 დეკემბერი 2022

 საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა იმერეთის რეგიონში, საქართველოს მთავრობის დაფინანსებით, უკვე დაასრულა ბზვანის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია, ხოლო მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, სოფელ მეორე ობჩაში ჭყეპნარას და საბუკიას უბნის 10 კილომეტრამდე გზის რეაბილიტაცია.

,,მუნიციპალური განვითარების ფონდი წლებია უკვე რეგიონებში სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროგრამებს ახორციელებს. დღეს ჩვენ ვიმყოფებით იმერეთის რეგიონში და ამ მულტი კომპლექსური პროგრამების ფარგლებში, დავასრულეთ ორი ძალიან მნიშვნელოვანი ობიექტი. ერთ-ერთი გახლავთ ვანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბზვანის საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია. მოსწავლეებს საშუალება ექნებათ სასწავლო წელს შეხვდნენ სრულიად განახლებულ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სკოლაში, რომლის ღირებულება 2,5 მილიონ ლარზე მეტია. ამავე რეგიონში, ბაღდათის მუნიციპალიტეტში დავასრულეთ ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ობიექტი. აღნიშნული გზა 10 კმ-მდე მანძილს მოიცავს და მისი ღირებულება 5 მილიონ ლარამდეა. ობჩის მუნიციპალიტეტის ჭყეპნარას და საბუკიას სოფლების მოსახლეობას საშუალება ექნებათ თავისუფლად და უსაფრთხოდ გადაადგილდნენ“-განაცხადა მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით ტაბიძემ.

ფონდმა 2022 წელს ქვეყნის მასშტაბით 45 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია და მშენებლობა დაასრულა, რომლის ჯამური ღირებულება დაახლოებით 124 მილიონი ლარია. რაც შეეხება გზების რეაბილიტაციას, ფონდმა მიმდინარე წელს 10 პროექტი დაასრულა, რომლის ჯამური ინვესტიცია დაახლოებით 39 მილიონი ლარია.

მუნიციპალური განვითრების ფონდი, 2023 წელს, საქართველოს მთავრობის დაფინანსებით საბავშვო ბაღების მშენებლობისა და რეაბილიტაციის ახალ პროგრამას იწყებს. ახალი პროგრამა, ქვეყნის მასშტაბით, 885 საბავშვო ბაღის მშენებლობასა და რეაბილიტაციას ითვალისწინებს.