მუნიციპალური განვითარების ფონდის განცხადება

4 სექტემბერი 2022

 მიმდინარე წლის 1 სექტემბერს, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მედიასთან გამართა ღია შეხვედრა ფონდის მართვაში არსებული სკოლების რეაბილიტაცია-მშენებლობის პროექტებთან დაკავშირებით. შეხვედრის მიზანი იყო მედიისთვის და მათი საშუალებით, საზოგადოებისათვის მიგვეწოდებინა სრული და სწორი ინფორმაცია ყველა მიმდინარე პროექტზე, მათ შორის, არსებულ გამოწვევებზე.

სამწუხაროდ, ზოგიერთი მედია საშუალება არ დაინტერესდა შეხვედრით და არ გამოიყენა შესაძლებლობა დაესვა კითხვები და მიეღო გადამოწმებული ინფორმაცია ნებისმიერ მისთვის საინტერესო პროექტზე.  მით უმეტეს, მაშინ, როდესაც აგრძელებს სწორედ იმ პროექტების გაშუქებას, რომელიც იყო ზემოაღნიშნული საჯარო შეხვედრის მთავარი თემა.  ასეთ პირობებში, ჩნდება საფუძველი ვარაუდისათვის, რომ მათი მიზანი არა ობიექტური, არამედ ტენდენციური ინფორმაციის მიზანმიმართული გავრცელებაა. 

რაც შეეხება გუშინდელ სიუჟეტში ნახსენებ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვების სკოლას, მისი სარეაბილიტაციო სამუშაოები 2021 წლის აგვისტოში დაიწყო. პროექტის ღირებულება, კონტრაქტორ კომპანიაზე გაცემული ხელშეკრულების შესაბამისად, საავანსო გადახდითა და მხოლოდ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს მიხედვით. სამუშაოების გეგმიური მონიტორინგის პროცესში, სამუშაოების არასაკმარისი პროგრესის გამო, კონტრაქტორს მიეცა არაერთი სიტყვიერი, თუ წერილობითი გაფრთხილება. ამასთან, სამუშაოების მწარმოებელ კომპანიასთან, გაჭიანურებული სამუშაოების გამო, უკვე შეწყდა  გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნორიოს და სოფელ ჯანდარას  სკოლების რეაბილიტაციის ორი ხელშეკრულება. იმ შემთხვევაში, თუ კომპანია არ გამოასწორებს სოფელ გამარჯვების სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაების ტემპს, შეწყდება აღნიშნული ხელშეკრულებაც და ზიანის ანაზღაურების მიზნით, ამოქმედდება საავანსო გადახდისა და ხელშეკრულების შესრულების საბანკო გარანტია. სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოების დასასრულებლად შეირჩევა ახალი კომპანიები.

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამას 2019 წლიდან ახორციელებს. 163 სკოლის რეაბილიტაცია-მშენებლობის პროექტიდან, დღეის მდგომარეობით, დასრულებულია 106 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია, ხოლო მიმდინარე წლის ბოლომდე დაგეგმილია 39 სკოლის რეაბილიტაცია-მშენებლობის დასრულება. დარჩენილი მიმდინარე პროექტებიდან, 11 პროექტის დასრულება ხელშეკრულებით, იმთავითვე 2023 წელს არის გათვალისწინებული.