განცხადება - ქარელის მუნიციპალიტეტის ახალსოფლის სკოლის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით

31 აგვისტო 2022

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2021 წლის თებერვალში დაიწყო. რეაბილიტაციის პროცესში, გამოვლინდა შენობის კონსტრუქციული ნაწილის პრობლემა, რომელიც აუცილებლად მოითხოვდა დამატებით გამაგრებით სამუშაოებს. შენობის კონსტრუქციული ნაწილის გამაგრების პროექტის მომზადების პარალელურად, წარმოებდა ყველა შესაძლო სამუშაო, ხოლო გამაგრების პროექტის მომზადების შემდეგ, გაგრძელდება როგორც დარჩენილი სამუშაოები, ისე გამოვლენილი ხარვეზების ეტაპობრივად გამოსწორება. შესაბამისად, ახალსოფლის სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის შემოდგომაზე დასრულდება.

ახალსოფლის სკოლის რეაბილიტაცია არის მიმდინარე პროექტი და სამუშაოების გეგმიური მონიტორინგის პროცესში, კონტრაქტორს ეძლევა ხარვეზების გამოსწორების შესაბამისი მითითებები. საბოლოო მიღება-ჩაბარებამდე კი, გამოსწორდება ყველა დადგენილი ხარვეზი. ამასთან, მშენებლობა-რეაბილიტაციის ყველა ხელშეკრულება ითვალისწინებს სულ ცოტა 1 წლიან საგარანტიო პერიოდს და ამ პერიოდში გამოვლენილი ნებისმიერი ხარვეზის აღმოფხვრა კონტრაქტორის ვალდებულებაა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიმდინარე სამუშაოების ხარისხთან დაკავშირებით მსჯელობა სამუშაოების საბოლოო დასრულებამდე არის უსაფუძვლო.

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამას 2019 წლიდან ახორციელებს. 163 სკოლის რეაბილიტაცია-მშენებლობის პროექტიდან, დღეის მდგომარეობით, დასრულებულია 106 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია, ხოლო მიმდინარე წლის ბოლომდე დაგეგმილია 39 სკოლის რეაბილიტაცია-მშენებლობის დასრულება. დარჩენილი მიმდინარე პროექტებიდან, 11 პროექტის დასრულება ხელშეკრულებით, იმთავითვე 2023 წელს არის გათვალისწინებული. რაც შეეხება 7 სკოლას, კონტრაქტორის მიერ გაჭიანურებული სამუშაოების გამო, უკვე შეწყვეტილია გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნორიოს და სოფელ ჯანდარას სკოლების რეაბილიტაციის ხელშეკრულება, სადაც სამუშაოების დასასრულებლად შეირჩევა ახალი კომპანია. გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვების, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფლების - ბუკისციხის, ზომლეთის და სამების სკოლებში ვაგრძელებთ მიმდინარე სამუშაო პროცესის მონიტორინგს და არასაკმარისი პროგრესის შემთხვევაში, მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილებები. ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გორდის სკოლაში კი, დამატებითი გამაგრებითი სამუშაოების გამო პროექტში აუცილებელი ცვლილების ასახვის შედეგ, გაგრძელდება ინტენსიური სარეაბილიტაციო სამუშაოები.  

ამასთან, საზოგადოებისათვის სრულყოფილი და ობიექტური ინფორმაციის მიწოდების მიზნით, ვთხოვთ მედია საშუალებებს, მედია მასალის მომზადებისას ინფორმაცია გადაამოწმონ პროექტის განმახორციელებელ უწყებასთან.