მარნეულში ფიფას მეორე კატეგორიის სტადიონი შენდება

23 ივნისი 2022

 აქარველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი მარნეულში ფიფას მეორე კატეგორიის სტადიონს აშენებს.

სამშენებლო სამუშაოებს საქართველოს მთავრობა 8.1 მილიონ ლარით აფინანსებს.

მშენებარე სტადიონის სამუშაოების შესრულების პროცესს  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველი მოადგილე გიორგი ციბაძე და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნენ.

პროექტის ფარგლებში, ქალაქ მარნეულში შენდება, ცენტრალური სტადიონი 2000 გილშემატკივარისთვის განკუთვნილი ტრიბუნით. სტადიონის კომპლექსში მოეწყობა გასახდელები, სველი წერტილები, სწრაფი კვების სივრცეები და სხვა სამეურნეო სათავსები. დამონტაჟდება  სტადიონის განათების, გახმოვანების და სახანძრო სისტემები, მოეწყობა სპეციალური სივრცეები ტელერეპორტაჟებისათვის.

სტადიონი სრულად იქნება ადაპტირებული შშმ პირთათვის.

ახალი სტადიონი ქალაქისა და რეგიონის ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას შეუწყობს ხელს.

საქარველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 9 პროექტს ახორციელებს.